საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ორგანიზატორების ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ სპიკერად არის მოხსენიებული.
კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. „ერთად ვდგავართ“ – ასეთია მიმდინარე წელს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა კონფერენციის სლოგანი. ორგანიზატორების ცნობით, კონფერენციაზე სპიკერად მიწვეულია ასევე სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ამერიკელი კონგრესმენი ბერი მური და სხვები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კონფერენციაზე მიწვევის საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ, რომელმაც აღნიშნა: „პრემიერ ღარიბაშვილს კონსერვატიული კონფერენციის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს მიწვევა, რადგან ესაა პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, ეხება ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ“.
კომენტარები