საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში სპეციალურად გიდებისთვის შექმნილი კურსის – „ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ეხმარება არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ პირებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, არამედ ცენტრის ერთ-ერთი მიზანია, დააინტერესოს სხვადასხვა ჯგუფები ენერგეტიკით. გიდები წარმოადგენენ სწორად იმ სამიზნე ჯგუფს, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ენერგეტიკული ობიექტების როგორც ტექნიკური მახასიათებლების, ასევე ისტორიის შესახებ.
„ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსი შეიქმნა სპეციალურად გიდებისთვის და მისი მიზანია საქართველოს ენერგეტიკული წარსულის, რეალობისა და პერსპექტივის შესახებ გიდებისთვის ინფორმაციის მიწოდება. კურსის მიმართ ინტერესი
მზარდია და ვიმედოვნებ, რომ ეტაპობრივად სასწავლო ცენტრი შეძლებს ყველა მოქმედი
თუ მომავალი გიდის გადამზადებას ენერგეტიკულ საკითხებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ენერგეტიკული ტურიზმის განვითარებისათვის“ ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ენერგეტიკულ ტერმინოლოგიას, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და რეგულირების საკითხებს, ჰიდრო და თბოენერგეტიკის ისტორიას.
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, სემეკის წევრი და ERRA-ს პრეზიდენტი მაია მელიქიძე, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ზაზა ჭითანავა.
კომენტარები