პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.
ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.
„ყველა გამომსვლელს მადლობა მინდა ვუთხრა, ეს იყო ხალხი – გულანთებული. მთელი სულითა და გულით საუბრობდნენ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს. და პირველ რიგში აქ იყო მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ. მოთხოვნები, რომლებმაც იქ გაიჟღერა, ჩავთვალე, რომ აქ კიდევ ერთხელ წამეკითხა, რათა გაიგოს პირველ რიგში მმართველმა პარტიამ:
- კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღსრულდეს. მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა…
- პოლარიზაციის და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს…
- მოხდეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის” დიქტატორული რეჟიმის პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება…
- უმუშევრობასა და სიღარიბეზე გამარჯვება;
- ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა. კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს მათ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ჩაურევლობა;
- დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტური განათლება;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება;
- ლგბტ-პროპაგანტის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა.
ყველა ამ კითხვებს, რომლებიც იქ დაისვა და მოთხოვნაა მთავრობის მიმართ, მე, როგორც ერთი მოქალაქე ვუერთდები მას და ამ კვირაში წარმოვადგენთ კანონების პაკეტს [მოთხოვნებზე], რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელთა ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები გააჟღერა მონატრებულ კრებაზე მისმა წამყვანმა ზაზა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ინჯიამ.
წყარო: „პუბლიკა“
კომენტარები