ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.
– ბატონო სანდრო, ხელისუფლება გააფთრებით იცავს იმ მოსამართლეებს, რომელთა დასჯასაც 2012 წლის არჩევნების წინ გვპირდებოდა. იცავს არა მარტო ამერიკის მიერ დასანქცირებულ 4 მოსამართლეს, არამედ მთელ სასამართლო სისტემას, ყველა მოსამართლეს, რომელთა დიდ ნაწილს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელდა „ქართული ოცნება“. რატომ აკეთებენ ამას?
– ჩვენდა სამწუხაროდ, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც ერთი დღეც კი არ უბრძოლიათ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მეტიც, ბევრნი შესისხლხორცებულნი იყვნენ იმ რეჟიმათან, მას ემსახურებოდნენ. აქედან გამომდინარე, მათ არ იციან არსი, რის გამო ვიბრძოდით, რის გამო იყო ის 9 წლიანი ბრძოლა. მერე იყო 2012 წლის არჩევნები, როდესაც ყველანი გავერთიანდით კოლიცია „ქართულ ოცნებაში“ და არჩევნებში მოვიპოვეთ გამარჯვება. მაშინ, ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო სასამართლოს გათავისუფლება სააკაშვილისა და მისი გუნდის გავლენისგან. „ქართული ოცნება“ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში, რაც თავისთავად ნიშნავდა იმ ადამიანების დასჯას, ვინც უკანონობა დააკანონა. მათ შორის იყვნენ მოსამართლეები. „ქართული ოცნება“ დატოვეს იმ ადამიანებმა, ვინც წლები ებრძოდა რეჟიმს და დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს ემსახურებოდნენ ან მის მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულიდან, ერთიც არ გაუპროტესტებიათ, რადგან შიშით ჩირგვებში იმალებოდნენ. ეს განსაკუთრებულად „ქართული ოცნების“ დღევანდელ საპარლამენტო გუნდს, მის მედროვე ლიდერებს ეხებათ. მათთვის მურუსიძე–ჩინჩალაძის სასამართლო კლანი არის მშობლიური. არათუ გაწმინდეს სასამართლო, კიდევ უფრო განავითარეს არასამართლიანი სასამართლო. ეს მოსამართლეები ხმის ამოუღებლად ემსახურებოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ახლა ემსახურებიან არსებულ რეჟიმს. დღეს თავისუფალი სასამართლო რომ არსებობდეს, ბევრ იმ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა ეს ხელისუფლება, რომლებიც ჩაიდინა. არათუ თავისუფალი, საერთოდ, სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში. ისევ ისეთი ნოტარიუსები არიან, რა განაჩენსაც შეუკვეთავს ხელისუფლება, ის გამოაქვთ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ ჩაუდონ იარაღი, ნარკოტიკი, სხვა მიზეზით შეუთითხნონ ს.ს.საქმე და მოსამართლეები ამ უდანაშაულო ხალხს ციხეში უშვებენ. ეს არის ჩვეულებრივი რუსული სისტემა, როდესაც მმართველი პარტია რასაც ეტყვის, იმას აკეთებს სასამართლო. ჩვეულებრივი რუსული სასამართლო გვაქვს. ვინც ამ სასამართლო კლანის არსებობას, საქმიანობას ამართლებს, იმ ხალხს ვერც კი წარმოუდგენია, რამხელა ბედნიერებაა თავისუფალი სასამართლო საზოგადოებისთვის. თავისუფალი სასამართლო იმას ნიშნავს, რომ ვერასოდეს ვერავინ დაგჩაგრავს. რიგით მოქალაქეს შეეძლება, უჩივლოს პრემიერს, მინისტრს, დეპუტატს, მერს და აგებინოს პასუხი მათ მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. თავისუფალი სასამართლოს პირობებში ხარ ჭეშმარიტი მოქალაქე. დღეს ჩვენ არ ვართ მოქალაქეები, ანტიკური საბერძნეთისა და რომის იმპერიის მოქალაქეთა უფლებებიც არ გვაქვს. ჩვენ დღეს ვართ ჩვეულებრივი ყმები ფეოდალურ სისტემაში, როდესაც ბატონს ნებისმიერ დროს შეუძლია დაჩაგრული ადამიანების გასამართლება და გაუბედურება. გარდა მაგისა, ეს მოსამართლეები შეკრულნი არიან მევახშეებთან. მოსამართლეების მეშვეობით, მათი ჩაქუჩის დარტყმით, თაღლითური გზით მოვახშეებმა უამრავ ადამიანს წაართვეს სახლი და დატოვეს ქუჩაში. ხელისუფლებას, რომელიც ავტოკრატიისკენ და დიქტატურისკენ არის მოდრეკილი, არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება თავისუფალი სასამართლო. ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ვერც ერთი ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს. გააყალბებს? სასამართლოში მოუგებ პროცესს და სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია, ცსკო–ს გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას. სასამართლოს კლანია ამ ხელისუფლების იმედი თუნდაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. გააყალბებს არჩევნებს და თუ ვინმე იჩივლებს სასამართლოში, დატოვებს გაყალბებულ შედეგებს. მოკლედ, „ქართული ოცნებისთვის“ ეს მორჩილი სასამართლო ხელისუფლების შენარჩუნების ერთ–ერთი მთავარი იარაღია. ხალხს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ხელისუფლებას ჰყავს დამონებული და მთლად ასე არის. ჯერ ერთი, ამ მონობის საფასურს კარგად უხდიან მოსამართლეებს, მათ აქვთ მსხვილი ბიზნესები, რომლებიც ზოგს ოჯახის წევრებზე, ზოგს ნათესავ–მეგობრებზე აქვთ გაფორმებული, ტენდერებს იგებენ და ცალკე უძრავ ქონებას ჩალის ფასად ყიდულობენ სახელმწიფოსგან. მერე, ხელისუფლება მოსამართლეთა კლანს ჰყავს შანტაჟში. მათ ბევრი სიბინძურე აქვთ ნაკეთები ხელისუფლების დავალებით და ამის შესახებ თუ ალაპარაკდნენ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს მოუწევს მაღალი პოსტის დატოვება. არც იმას გამოვრიცხავ, მურუსიძეს და მისი კლანის წევრებს, ხელისუფლების წარმომდგენელთა დაკვეთების ნივთიერი მტკიცებულებებიც ჰქონდეთ–სატელეფონო საუბრები, შეხვედრებისას უკანონო დავალებებზე საუბრის ფარული ჩანაწერები.
– სასამართლო კლანის დამცველები აღიარებენ, რომ კლანის წევრებს სააკაშვილის რეჟიმის დროს ბევრი დანაშული აქვთ ჩადენილი, მაგრამ მათ იმიტომ იცავენ, რომ 4 მოსამართლე ამერიკამ დაასანქცირა, რაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, საქართველოს სუვერენიტეტის შელახვააო. ჩვენ ამერიკის დასასნქცირებელი მოსამართლები არ გვყავსო.
– ეს სიბრიყვე და სისულელეც არ არის, ეს არის მზაკვრობა. რაც დამოუკიდებლები ვართ, საქართველოს ხელისუფლება არასდროს დამოუკიდებელ ნაბიჯს არ დგამდა, ყოველთვის იყო ჩამოკიდებული ხან სოროსზე და ხან რუსეთზე. დღეს რუსეთზე არიან დამოკიდებულნი და რუსეთისგან იღებენ დირექტივებს. რომელ თავისუფლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და ქვეყნის სუვერენიტეტზე მელაპარაკებიან? ძალიან ცოტა რომ გვაკლია რუსეთის გუბერნიად გახდომამდე, მაგაზე ხმას რატომ არ იღებენ? რუსეთი რომ მართავს ჩვენს ხელისუფლებას, ეს არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა? რატომ არ გრძნობენ ამის გამო შეურაცხყოფილად თავს? იდიოტები არ ვართ, ვხედავთ ამ ყველაფერს. მართალია, აქედან უამრავი ადამიანი გააქციეს, მაგრამ დავრჩით საღად მოაზროვნე ადამიანები. რომელ დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, რომელ ეროვნულობასა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, არათუ რუსეთის მითითებებს ასრულებენ უსიტყვოდ, ქვეყნის საერთაშორისო საკითხებზე დამოუკიდებლად კომენტარებს ვერ აკეთებენ, ხან ლავროვის განცხადებას ელოდებიან, ხან პესკოვისას და ხან მარგარიტა სიმონიანისას, მერე აკეთებენ კომენტარს მათი განცხდებების შესაფერისს, შესატყვისს. მე ვიყავი ეროვნული და მე ვიყავი დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში. მინისტრთა კაბინეტის წევრი ვიყავი მაშინ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან იმიტომ გამომიშვეს, პატრიარქს ვიცავდი. პატრიარქს რატომ იცავო, ეს იყო ერთ–ერთი მთავარი პრეტენზია, რომელიც იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პარტიის ბოსებმა წამომიყენეს. მინისტრთა კაბინეტის ყველა სხდომა ჩემი საკითხით იწყებოდა: სანდრო ბრეგაძემ რატომ დაიცვა ეროვნული ინტერესები? რატომ ლაპარკობს დავით გარეჯზე? რატომ ლაპარაკობს, რომ ქართული მიწებს ყიდულობენ უცხოელები და ეს უნდა შეჩერდეს? დღეს ეროვნულობას რომ ჩემულობენ „ქართულ ოცნებაში“, ბევრი მაშინაც იქ იყო და ჩემს გამოსაქომგებლად ერთი სიტყვა არ უთქვამთ. პირიქით, მეც ძირს მითხრიდნენ და იმ ხალხსაც, ვინც ეროვნულ პოზიციებს იცავდა. მერე ეს ხალხი მოიშორეს „ქართული ოცნებიდან“. „ქართული ოცნების“ ლიდერების უმეტესობა დასცინოდა ეკლესიას, პატრიარქს და დღეს მორწმუნებად მოაქვთ თავი. ათეისტები არიან, ფსევდო ლიბერალები. ირაკლი კობახიძე სოროსის ფონდშია გაზრდილი, სოროსის ფონდში მუშაობდა და თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ სორისის ფონდში გაზრდილი ადამიანი შეიძლება იყოს ეროვნული, ან შემცდრია, ან თავს იტყუებს ან ყველფერს ხვდება და თაღლითია. სოზარ სუბარი იყო ის ადამიანი, რომელიც გლდანის ეკლესიის სპეცრაზმით დარბევას, მრევლის და ეკლესიის მოძღვრის ცემას ტაშს უკრავდა გიგა ბოკერიასთან ერთად, ხელვაჩაურში, ფერიის მთაზე სააკაშვილმა ახლად აშენებული ეკლესია რომ დაანგრევინა, სოზარ სუბარი იმასაც ტაშს უკრავდა. სოზარ სუბარი კათალიკოს–პატრიარქს დასცინოდა, აუგად მოიხსენიებდა, აცხადებდა, რომ მართლმადიდებლობა არის ჩამორჩენილობა. ახლა უნდათ, სოზარ სუბარი ეროვნულ ლიდერად წარმოგვიდგინონ. სირცხვილია!
–„ქართული მარში“, სხვა ეროვნული პოზიციის მქონე ორგანიზაციები, პიროვნებები როდესაც იბრძოდით, რომ კანონით აკრძალულიყო უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გაყიდვა, „ქართული ოცნებიდან“ ვინ გებრძოდათ? ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ვინ გიწევდათ?
– ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე გვებრძოდნენ „ქართული ოცნებიდან“ და მათთან ერთად გიგა ბოკერია. არსებობს კადრები, ფილარმონიაში გამართული შეხვედრისა, იქ ყველაფერია. კობახიძესა და მდინარაძეს სურდათ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე გაყიდულიყო ყოველგვარი აკრძალვის გარეშე და ეს კონსტიტუციაში ჩაწერილიყო. უშუალოდ კობახიძე იყო ამის ინიციატორი, რადგან კონსტიტუციონალისტია და მან დაწერა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის კონსტიტუციაში შეტანითაც ქართული მიწის გაჩანაგება უნდოდათ. მაშინ, „ქართული მიწის დაცვის საინიციატივო ჯგუფმა“, „ქართულმა მარშმა“ სერიოზული საპროტესტო ტალღა ავაგორეთ მიწების გაყიდვის წინააღმდეგ და ვაიძულეთ, უკან დაეხიათ.
აქვე ერთი რამ მინდა ვთქვა. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდია იყო სექტანტი, მისი მომხრეებიც არიან სექტანტები. „ქართული ოცნების“ ლიდრებს მინდა ვკითხო – იზიარებენ ხინდრავას ამ მოღალეტეობრივ პოზიციას? თუ არ იზიარებენ, ხაინდრავა რატომ ჰყავთ ხელისუფლებაში? 3–4 კაცი თუ არის ხელისუფლებაში უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტი, ერთი მათგანი ხაინდრავაა. 5 მილიონი ლარი ჩამოაწერეს. თეთრწყაროში, სოფლის მეურნეობის სფეროში სერიოზული ბიზნესი უნდა დაეწყო და ეს ფული ბიუჯეტიდან მისცეს. რა ბიზნესი, ქვა არ გადაუბრუნებია და ჩამოაწერეს ეს თანხა, აჩუქეს. ხაინდრავა, „უცნობი“–გია გაჩეჩილაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი იყვნენ, რომელთაც 2008 წელს საპროტესტო მოძრაობა გაყიდეს, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, იპოდრომზე მყოფი 300 000 კაცი დაშალეს, სახლში გაუშვეს და სააკაშვილს საპრეზიდენტო ინაუგურაცია ჩაატარებინეს. არადა, ინაუგურაცია რომ ჩაშლილიყო, სააკაშვილის ხელისუფლება მალე დასრულდებოდა და კიდევ 4 წელი აღარ იქნებოდა ძალადობრივი რეჟიმი. ახლა, ესენი აპირებენ რაღაც მოძრაობის დაწყებას, რომელსაც უნდა დაარქვან „არ აგარევინებთ!“. რას ნიშნავს ახლა ეს უბრალო ხალხის დასაშინებელი ლოზუნგი, რომელიც გაზულუქებულმა მმართველმა კასტამ მოიგონა. გვეუბნებიან, რომ არ აგარევინებთ ჩვენს მდიდრულ და მაძღრულ ცხოვრებას, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მეფურად, მდიდრულად, თქვენ ღარიბულად, მაგრამ ხმა არ ამოიღოთ, პროტესტი არც გაბედოთო. ჩვენ ფუფუნებაში უნდა ვიყოთ, თქვენ ლუკმა–პური უნდა გენატრებოდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ თქვენი მჩაგვრელები, მილიონიანი ტენდერები მოვიგოთ, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მილიონიანი ქონება უნდა ვიყიდოთ სახელმწიფოსგან და თუ ასეთი ფაქტების შესახებ გაიგეთ,კრინტი არ დაძრათო. ჩვენმა ოჯახებმა უნდა დაისვენონ ბადენ–ბადენში, მალიორკაზე, მონტე–კარლოში და ჩვენი იქ გრიალის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუკზე“ რომ დავდებთ, თქვენ მხოლოდ მაგით დატკბით, ქობულეთში დასვენებაზეც არ იოცნებოთო. მოკლედ, შეეგუეთ ჩაგრულის ბედს, შეეგუეთ, რომ ჩვენი ყმები ხართ, არა მარტო თქვენ, თქვენი შვილებიც ჩვენი პარაზიტი შვილების მსახურები უნდა იყვნენ და ვინც ამას არ შეეგუება, აიღოს ცალმხრივი ბილეთი უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში, კოპიტნარის აეროპორტიდან გაფრინდეს და უკან აღარასდროს დაბრუნდესო, ამას გვეუბნებიან. ამ მონობის სანაცვლოდ სტაბილურობა და მშვიდობა გექნებათო. თუ არ დაგვიჯერებთ, მაშინ გაგროზგავთო. მონებს სხვას კი არაფერს ეუბნებოდნენ ძველ რომში. უსამართლობაში, ჩაგვრაში, დამყაყებულ ჭაობში სტაბლურობა და „არ აგარევინებთ“, ბედს შეგუებული უთავმოყვარეო მონათა ხვედრია. მე არ მინდა ასეთი ყოფა, ვისაც უნდა, შეუძლია მივიდეს ხაინდრავას, „უცნობისა“ და ვიღაცების გვერდით, ამ პუტჩისტების გვერდით დადგნენ და იყვირონ, არ აგარევინებთთო. ვისაც ჩვენი, უბრალო ხალხის არეული არ მოსწონს, იმათი დალაგებული …………… ესენი მილიარდერები არიან, გამოხრეს ბიუჯეტი და 12 ბავშვს, რომელთაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებათ, ფულს არ აძლევენ. რაც ხაინდრავას ფული აჩუქეს, ის ეყოფათ ამ ბავშვებს პირველ ეტაპზე. ხალხის ჩაგვრა არავის შერჩენია და არც ამათ შერჩებათ. საკუთარ შვილებს ლონდონისა და პარიზის უნივერსიტეებში ასწავლიან, ათასობით სტუდენტს კი სტატუსი აქვს შეჩერებული სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათ შორის, უნიჭიერეს ახალგაზრდებს. მათი ძაღლები და კატები უკეთესი ხარისხისა და ბევრად ძვირიან საჭმელს ჭამენ, ვიდრე ჩვენ, ადამიანები. პენსიონერებს ეუბნებიან, მე 15 000 დოლარიანი კოსტიუმი უნდა მეცვას, თქვენ თვეში 100$ იკმარეთო. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ამ ყოფაში გვიწევს ცხოვრება. ვერ შეიგნეს, რომ ვიდრე ქვეყანაში სამართლიანობა არ იქნება, არ იქნება მშვიდობა. ქართველები არასდროს ყოფილან მონები და ვერც ახლა დაგვიმონებენ.
კომენტარები