ყველას გვყავს, ალბათ, თითო მეგობარი, რომელიც ამტკიცებს, რომ „დენუშიშარია“: – ოჰ, დამარტყამს და დავარტყამ, – გვეუბნება და შიშველი ხელებით ცდილობს შეეხოს ელექტროობის ღია კაბელებს. ელექტროშოკით მიღებული დაზიანების სიმძიმეს განსაზღვრავს: გარემო პირობები, ძაბვა, სიძლიერე, დენის ტიპი, ადამიანში გავლის გზა და ხანგრძლივობა, ასე რომ, თუ ერთხელ გადარჩით, მადლიერი იყავით და მეორედ ნუ ცდით ბედს, კოკაც კი ვერ მოიტანს წყალს ყოველთვის.
ბავშვობაში მყავდა მეგობარი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „დენგამძლეა“, თითქოს „დენმა“ არაერთხელ დაარტყა და არაფერი მოსდის – დემონსტრირება შემოგვთავაზა. გამოიტანა წყლის მადუღარა, შეაერთა და გამომდინარე იქედან, რომ ამტკიცებდა, „დენგამძლესთან“ ერთად „დამწვრობაგამძლეც“ ვარო, დაელოდა, როდის მივიდოდა წყალი ადუღებამდე, მერე საჩვენებელი თითი ზემოთ ასწია და ის იყო ჩაიდანში უნდა ჩაეყო, რომ ოთახში დეიდამისი შემოვიდა და ჩაიდანი ხელის ერთი მოძრაობით გამორთო – თითი კარგად ხანს ჰქონდა დაფუფქული, მაგრამ ეს არაფერი იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა მოსვლოდა და ეს მხოლოდ მშობლებთან საუბრის შემდეგ გავიაზრეთ.
მე ერთხელ „წამარტყა“ დენმა, მამა სახლში არ იყო, მე კი მინდოდა სწორედ მისთვის მეთქვა, რომ გადავრჩი და ცოცხალი ვარ, გავრბივარ და თან ვკივი, კივილით გავირბინე თითქმის კილომეტრი და გულამოვარდნილმა მოვუყევი. მამამ რაღაცნაირად, სხვანაირად ჩამიხუტა, ის თითი ჩამიკოცნა, რომელიც აღარ მტკიოდა, მაგრამ მაინც სულს ვუბერავდი გაბუშტული ლოყებით და მერე ის როზეტი, რომელმაც „წარტყმა გამიბედა“ – „მოკლა“. მაშინ ის მეამაყებოდა, რომ მამაჩემი ძლიერია და როზეტს მოერია… მალე გავიგე, რომ ჩემი ნათესავის შვილს ჩემსავით არ გაუმართლა და წავედი და მეც უხმოდ, რაღაცნაირად, სხვანაირად ჩავეხუტე მამას.
ჩემმა მეგობარმა ქმარი მხოლოდ ერთხელ „ცემა“ და ისიც „დენის“ გამო. ეზოში ელექტროსადენმა ჯერ გაანათა, მერე კი ცეცხლი წაეკიდა. ხედავს, აიღო მისი ქმარი ალუმინის ქვაბით აპირებს ცეცხლმოკიდებულ სადენებს წყალი შეასხას – 9 თვის ფეხმძიმე იყო და მკვირცხლად ვეღარ მოძრაობდა, მიხვდა, მირბენას ვერ მოასწრებდა, იატაკის საწმენდი ჯოხი მოუქნია, ალუმინის ქვაბს მოახვედრა და ხელიდან გააგდებინა. მეზობლები გაოგნებულები უყურებდნენ 9 თვის ფეხმძიმე გოგოს, რომელიც იატაკის საწმენდ ჯოხს უქნევს ქმარს და მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე მიხვდნენ, რას გადაარჩინა.
ყველას გეყოლებათ ერთი ნაცნობი მაინც, რომელიც დაუდევრად ცხოვრების მომხრეა – მაგალითად, რატომ ნახოს პროდუქტი ვადაგასულია, თუ არა? რატომ არ ითევზაოს წყალსაცავში, რომელთანაც ახლოსაა ელექტროგადამცემი ბოძი? – ქუჩაში შეიძლება მიდიოდე და ციდან აგური დაგეცეს, – გვეტყვის ხოლმე და ბევრი იცით, ვინც ციდან ჩამოვარდნილი აგურის დაცემით მომკვდარა?
და თითქმის ყველა ვუყურებთ ე.წ. სახალისო ვიდეოებს – მაგალითად, თმას იშრობს ქალი ცალი ხელით, მეორე ხელით კბილებს იხეხავს და ერთ მომენტში, კბილის ჯაგრისი მექანიკურად თმისკენ მიაქვს და თმის საშრობი ონკანისკენ – ელექტროშოკისგან თმები ყალყზე უდგება (არა, ის ფილმი, მელ გიბსონი რომ ელექტროშოკს მიიღებს და ქალების ფიქრები ესმის, კიდევ სხვაა) და ჩვენ ვიცინით და სულ სასაცილოდ გვქონოდეს საქმე, მაგრამ იცინიან ჩვენი შვილებიც და იშვიათად თუ გვახსენდება, რომ ამ სიცილის გამო, მათთვის სულაც არ გამოიყურება საშიშად ასეთი ვიდეოები და შესაძლოა, გამეორება სცადონ. ან უწყინარი საბავშვო ფილმები? – სადაც ასევე „უწყინრადაა“ გადმოცემული ელექტროშოკი – ზოგს თმები უშეშდება, ზოგს წელი, ზოგს სახე ემურება, ზოგს ტანსაცმელიც ეწვება, მაგრამ 2 წამში წამოდგება და კარგადაა – რამდენს გაგახსენდათ ახლა ფილმი „მარტო სახლში“? – აღიარეთ. ან, მულტიპლიკაციური ფილმები – რამდენჯერ მიიღებინა ჯერიმ ტომის ელეტროშოკი და არაფერი მოსდის.
და მაინც, როგორ უნდა გავაგებინოთ შვილებს, რომ ელექტროშოკი ძალიან საშიშია?
პირველ რიგში უნდა ვუთხრათ, რომ ელექტროობას, რომელსაც ამდენი სარგებელი მოაქვს, სჭირდება სწორი გამოყენება, ვასწავლოთ, რომ თუ დაზიანებულ კაბელს დაინახავენ – არ უნდა გამოიქცნენ, ფრთხილი ნაბიჯებით გამოეცალონ ადგილს, ვთხოვოთ, არ დაიდგან კომპიუტერთან სითხე, რადგან თუ დაექცევათ, არამხოლოდ მოწყობილობას დააზიანებას, არამედ წარმოქმნის „დენის“ გაჟონვის საფრთხეს, ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება ჭექა–ქუხილის დროს ბანაობა, მოვუყვეთ როგორი ძლიერი გამტარია წყალი.
ვუამბოთ, რატომ არ შეიძლება ფრანის გაშვება ან თევზაობა ელექტროგადამცემი ბოძების სიახლოვეს, ვასწავლოთ ასეთი ბოძების და ტრანსფორმატორების ცნობა, რათა შემთხვევით, მაგალითად, დამალობანას თამაშისას, მათ არ შეეხნონ, გავაფრთხილოთ, რომ სკოლაში, ლაბორატორიაში არ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობები, მასწავლებლის ნებართვის გარეშე, და რაც მთავარია, თავად ვიყოთ მაგალითები – რადგან, პატარები იმის გამეორებას ცდილობენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ამიტომ, ყოველთვის დავიცავით უსაფრთხოების წესები.
ცალკე თემაა მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დაცვა – სპეფიციკურია, მაგრამ გასწავლით ერთ მარტივ და ოქროს წესს – მოითხოვეთ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობით თანხმობა ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკოსტრუქციო და ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოებისათვის, რადგან, თუ ასეთი წერილობითი თანხმობა არსებობს, ესე იგი, შემოწმებულია და უსაფრთხოა სამუშაოების შესრულება.
და ბოლოს, – გაუზიარეთ ეს მასალა მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს – მხოლოდ საკუთარი სახლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ არის საკმარისი, გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, ამისათვის კი მხოლოდ ერთი და არც ასი ადამიანის მცდელობა არ არის საკმარისი.
თამო კეშელავა, ალია
555 46 08 04
კომენტარები