ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მიიღეს დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად.
გადაწყვეტილება მიღებულია ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად.
“ამ ახალი დახმარებით ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზაციის მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათი ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათი თავდაცვის სექტორების გაძლიერებასა და ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის უნარის გაძლიერებაში. ეს არის მესამე დახმარების პაკეტი ორივე ქვეყნისთვის EPF-ის ფარგლებში, რაც აშკარად ხაზს უსვამს ევროკავშირის ურყევ ერთგულებას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ”, – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს და დააფინანსებს საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობას, მომარაგებასა და სერვისებს, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში.
დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოJისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.
მოლდოვა 40 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს მიიღებს. ის დააფინანსებს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების არალეტალურ აღჭურვილობას, მომარაგებასა და სერვისებს, მათ შორის ტექნიკურ მომზადებას, საჭიროების შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საჰაერო მეთვალყურეობას, მობილურობასა და ტრანსპორტირებას, ლოჯისტიკას, მართვისა და კონტროლს, კიბერთავდაცვის აღჭურვილობას.
კომენტარები