2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, გორში, სტალინის სახელობის მუზეუმს 22 928 დამთვალიერებელი ეწვია, მათ შორის 20706 უცხოელი, დანარჩენი ადგილობრივი ვიზიტორია. ამ მხრივ ყველაზე დიდი ინტერესით მოქალაქეები გამოირჩევიან, მას მოსდევს ტაილანდი, შემდეგ კი ირანი.
უცხოელ დამთვალიერებელთა შორის რუსეთი პანდემიამდელი პერიოდიდან დღემდე ლიდერი ქვეყნების სამეულშია. მაგალითად, 2019-2020 წლებში სტალინის მუზეუმში ვიზიტორთა რიცხვით რუსეთი პირველ ადგილს იკავებდა, 2021 წელს მას უსწრებს პოლონეთი, 2022 წელს კი ტაილანდი.
გასულ წელს სტალინის მუზეუმი ჯამში 89 806 – მა ვიზიტორმა დათვალიერა, აქედან ტაილანდიდან იმყოფებოდა 9 536, რუსეთიდან – 8 310, ისრაელიდან კი 6185 მოქალაქე.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, სტალინის მუზეუმით დაინტერესებულთა შორის ჭარბობენ მოქალაქეები პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინგლისიდან, თუმცა ლიდერი ქვეყნების სამეულში იშვიათად ხვდებიან.
დამთვალიერებელთა შორის არიან ბავშვებიც. 2023 წლის იანვრიდან აპრილამდე მუზეუმს სულ 835 მოსწავლე ეწვია. მოზარდებისთვის ინტერიერის დათვალიერება 1 ლარი ღირს, 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შესვლა უფასოა. ზოგადად, სტალინის სახლ-მუზეუმის დათვალიერების ღირებულება 5-დან 15 ლარამდე მერყეობს.
“სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით – 15 ლარი ღირს, ტურისტულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების შემთხვევაში – 10 ლარი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზების და მემორიალური სახლის დათვალიერება – 10 ლარი, სტალინის პირადი ვაგონის დათვალიერების ღირებულება კი 5 ლარია“ – აცხადებენ მუზეუმის თანამშრომლები.
წელს, მუზეუმის შემოსავალმა 25 000 ლარს გადააჭარბა. გასულ წელს შესული ჯამური თანხამ კი პანდემიამდელ პერიოდში მიღებული შემოსავლის ნახევარიც ვერ შეადგინა.
“ი.ბ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი არის დღგ-ს გადამხდელი.
2019 წელს ბიუჯეტში შეტანილი გვაქვს 382 926 ლარი.
2020 წელს – 40836 ლარი.
2022 წელს -137689 ლარი.
2023 წლის პირველი კვარტალში – 25 928 ლარი”, – აცხადებენ სტალინის მუზეუმში.
მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში არაერთხელ გაიწერა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე გადაცემის საკითხი, სტალინის მუზეუმი დღემდე კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. თანხების ის ნაწილი, რომელსაც მუზეუმი საკუთარი მიზნებისთვის ვერ ხარჯავს, ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის.
წყარო – bm.ge
კომენტარები