კვირას, 14 მაისს, გიდები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. გიდების მოთხოვნაა, საქართველოში ოპერატორ გიდებს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდეთ და სახელმწიფო ენა B2 დონეზე იცოდნენ.
“მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოვიდნენ, თავიანთი ბიზნესები დაიწყეს. გახსნეს ტურისტული სააგენტოები, თავად დაიწყეს გიდობა, მოჰყავთ ხალხი. ბუნებრივია, წარმოდგენა არ აქვთ საქართველოს ისტორიაზე. რომ მოუსმინოთ რას უყვებიან ტურისტებს, გაგიჟდებით. კვირას იგეგმება გიდების ასოციაციების საპროტესტო აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხებზე იქნება საუბარი. მრავალი წელია ეს პრობლემა დგას და კანონი, რომელიც მისაღებია, იქაც არ არის ბოლომდე გაწერილი მათი შეზღუდვა. ყველას აქვს საშუალება, ჩამოვიდნენ და ცოდნის გარეშე ჩაატარონ ტურები. არასწორად აწვდიან ინფორმაციას, დამახინჯებულად უყვებიან ისტორიას და ეს უნდა მოგვარდეს”,- ამბობს BMG-თან მამუკა კილაურიძე, გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი
ცნობისთვის, მთავრობამ ტურიზმის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვით ტურისტული გიდის საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება. კერძოდ, ტურისტული გიდობის უფლება 18 წელს მიღწეულ პირს მიენიჭება, რომელიც არ იქნება ნასამართლევი განზრახ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ეცოდინება ქართული ენა B2 დონეზე და B2 დონეზე – ის უცხო ენა, რომელზეც ტურს ატარებს.
კანონპროექტის თანახმად, ტურისტული გიდის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. სერტიფიცირებულ გიდებს ოფიციალური სამკერდე მოწმობა ექნებათ, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. ე.წ. გარდამავალ პერიოდში სერტიფიცირებული გიდი უფასოდ შევა სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე.
კომენტარები