მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას განმარტავს და აცხადებს, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიიღო, მხოლოდ პროცედურულია და საქმის არსებითი განხილვა გრძელდება:
“ეს არ გახლავთ ევროსასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს, ეს გახლავთ პროცედურული, დროებით ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთნ დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. დაცვის მხარემ ბუნებრივია პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ, დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლდათ სწორედ ეს, რომ სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, უფრო სწორად დაწყებამდე კი, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში, ეს პროცედურული ნაწილია მხოლოდ და მხოლოდ რაზეც ჩვენ დღეს მივიღეთ პასუხი, თუმცა მთავარი ამ საკითხში არის საჩივრის არსებითი განხილვა, ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და საჩივარს არსებითად განიხილავს და გადაწყვეტილება საბოლოო იქნება მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ”
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე, გარდა ამისა, სახელმწიფოს არ დაევალა მისი რომელიმე სხვა კლინიკაში გადაყვანა ქვეყნის შიგნით.
კომენტარები