ნანა სულავა
,,ალიას“ კითხვებს პასუხობს ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი გურამ აბსანძე, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებასა და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს:
– არჩევნებში უზენაესი საბჭოს არცერთი დეპუტატი არ მიიღებს მონაწილეობას. მათგან ზოგიერთი შევარდნაძის პარლამენტში გადაბარგდა და პუტჩისტების გვერდში დადგა, ხოლო პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს შეარჩევენ ის დეპუტატები და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხთან ერთად, რომლებსაც დღემდე არ უღალატიათ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის და ისინი შევლენ საარჩევნო სიაში. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი მხრიდან წარდგენილ სიას ექნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დეპუტატთა და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენელთა რეკომენდაციები, რომ ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირონ ამ კანდიდატებს. სიაში 150 კანდიდატი იქნება. აღნიშნული სია აუცილებლად გამოხატავს ეროვნული ხელისუფლების მიზნებსა და პრინციპებს და თუ გაიმარჯვებენ და მოვლენ ხელისუფლებაში, მაშინ ეროვნულ ხელისუფლებას ექნება მორალური უფლება, ითანამშრომლონ ახლადარჩეულ პარლამენტთან. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
– თქვენ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია – ,,ეროვნული თანხმობისა და სამართლიანობის აღდგენის კავშირი“-ს სახელით მიიღეთ მონაწილეობა. მაშინ ზვიად გამსახურდიას ბევრი მომხრე ჰყავდა და მაინც ვერ მიიღეთ შესაბამისი ხმები. თუ შევარდნაძემ გააყალბა არჩევნები, რა, ესენი არ გააყალბებენ?
– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები. იმის შიშით, რომ გაააყალბებენ არჩვენებს, მაშინ არავინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩემი ღრმა რწმენით პარტიას, რომლემაც სამი არჩევნები მოიგო ზედიზედ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა მეოთხედ არავითარ შემთხვევაში ხმას არ მისცემს, ვინაიდან, მათ მიერ მიცემული დაპირებების 80% არ შესრულებულა. მოსახლეობა გადაიღალა ნაც-ქოცური ხელისუფლებისა და მათი სატელიტების შემყურე, მითუმეტეს, რომ 2024 წლის არჩევნები ტექნიკური თვალსაზრისით (ხმის ელექტრონული მიცემა) უფრო სრულყოფილი და სანდო უნდა იყოს გაყალბების კუთხთ.
– ბატონო გურამ, ამბობენ, რომ თქვენ რუსეთში გაქვთ ბიზნესი…
– არანაირი ბიზნესი არ მაქვს არც რუსეთში და აღარც სხვაგან. ერთი საცხოვრებელი ბინა მაქვს თბილისში და რვა სული ვცხოვრობთ. მყავს სამი შვილი და არცერთი მათგანი არ მუშაობს. „ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოსულიყო, ჩემმა ვაჟმა ბევრი იღვაწა ამისთვის, როცა „ოცნებამ“გაიმარჯვა, გახარებულმა იარაღი გაისროლა ანაკლიაში და ამის გამო 6 წელი პირობითი მისცეს და ბოლომდე მოახდევინეს. სულ ცდილობენ, ჩემს შესახებ ტყუილები გაავრცელონ, სიმართლე კი ის არის, რაც ახლა გითხარით.
– აბა, როგორ შეძლებთ ბრძოლასა და გამარჯვებას ფინანსების გარეშე?
– ჩემს გვერდით დგანან ჩემი მეგობრები, ღირსეული მამულიშვილები, რომლებსაც სურთ საქართველოს გადარჩენა…
უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზია ეკონომიკის მართვის ის მოდელი, რომელსაც ურთიერთმონაცვლე რეჟიმები შეუცვლელად გადასცემენ ერთმანეთს. შევარდნაძე-სააკაშვილი-ივანიშვილის ხელისუფლებებმა ქართველი ხალხი გაძარცვეს.
ჩვენ გვაქვს სიები, თუ ვინ რამდენი წაართვა ქართველ ხალხს. საზოგადოება აზრზე არაა, თუ ვინ რამდენი მიიტაცა.
– ჰოდა, გვითხარით…
– მოსახლეობის 92%-ის ქონება მიიტაცა 8%-მა. ფაბრიკები, ქარხნები, მიწები, გემები, ეროვნული სიმდიდრეები… ასეთი რამ პოტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებშიც მოხდა, მაგრამ მათგან განსხვავებით, საქართველოში ტოტალური ფორმა მიიღო. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ის, რომ შემნახველ სალაროებში შენახული თანხები პირწმინდად წაერთმიათ ხალხისთვის, არავის გაუკეთებია. ეს თანხა შეადგენდა 8 მილიარდ 200 მილიონს. ეს თანხა ანტიკონსტიტუციური გადატრიალების შემდეგ წაართვეს ხალხს და გადანაწილდა მოსახლეობის იმ 8 პროცენტში. დროებითმა მთავრობამ, სიგუას ხელმძღვანელობით, 1992 წელს საქართველოს მოსახლეობას შეატანინა ფული შემნახველ სალაროში და დაპირდა, გაგიორმაგებთო და ესეც წაართვეს. ბოლოს გამოაცხადეს პრივატიზაცია მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს ფული არ ჰქონდა. იმ 8%-მა ყაჩაღობით ხელში ჩაიგდო საპრივატიზაციო ობიექტები, მთელი ქვეყნის სიმდიდრე, ესეც რომ არ ეყოთ, შევარდნაძემ გამოიგონა სახელმწიფო ობიექტების გასხვისების აფიორა და ასე აძლევდა ერთ ლარად მილიონიანი ღირებულების ქონებას მისი კლანის წევრებს. მერე ეს პროცესი სააკაშვილის რეჟიმმა გააგრძელა. ასეთი რამ ზვიად გამსახურდიას მთავრობას აზრად არ მოსვლია და არც მოუვიდოდა. ზვიადის გზა იყო ქრისტეს გზა, ამ სატანების გზაა ბარაბას გზა და 31 წელია, ქართველ ხალხს დაატარებენ ამ გზაზე. ჩვენ ვიცით ყველა სახელმწიფო ობიექტი, ვინ რა ფასად შეიძინა. ყველა სათანადო დოკუმენტი გაგვაჩნია და წართმეულ ქონებას მოსახლეობას დავურიგებთ. 50 მილიარდი ლარი გადაუნაწილდება მოსახლეობას.
– ბატონო გურამ, ახლა რასაც ამბობთ, ამას მთელი მოსახლეობა მოგიწონებთ, მაგრამ ეს ხომ უტოპიაა? ბევრჯერ მოგვისმენია ასეთი დაპირება. ქონების დაბრუნებას როგორ აპირებთ?
– შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სრულად შეისწავლის ზემოთაღნიშნულ სიაში მოხვედრილთა ქონების წარმომავლობას და კანონის ფარგლებში არავის არფერს არ შევარჩენთ! ჩვენ ამას გავაკეთებთ ხალხის ჩართულობით.
– ამას ხომ მოჰყვება სამოქალაქო დაპირისპირება და პოლარიზაცია ხალხის მხრიდან?
-არ გეთანხმებით. როგორ ფიქრობთ, ერთი მუჭა კორუმპირებული მძარცველი ადამიანების 8% დაუპირისპირდება მოსახლეობის 92%-ს? ვერც გაბედავენ, რადგან სიმართლე ხალხის მხარეს იქნება. დაუდგებათ ის დღე, როდესაც თვითონ მოითხოვენ, მიტაცებული ქონება უკან დააბრუნონ. ჩვენ გამოვიყენებთ ექსპროპრიაციის ორ მეთოდს: ერთი – ნებაყოფლობითი ექსპროპრიაცია, ხოლო მეორე სამართლებრივი გზით უმკაცრესი ნაბიჯები ქონების დასაბრუნებლად. ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი არასოდეს მოუტყუებია. რასაც დავპირდით და ერთ წელიწადში შევძელით, შევასრულეთ კიდეც. დაიწყო ეკონომიკური რეფორმების გატარება, გეგმიური ეკონომიკიდან გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე. ჩატარდა რეფორმები საბანკო-საფინანსო სფეროებში, ჩატარდა რეფერნდუმი, აღდგა სახელმწიფოებრიობა, გავხდით დამოუკიდებელი რესპუბლიკა, თუმცა ქვეყანას დღეს სტატუსიც არ გააჩნია. ჩვენ ერთი გოჯი მიწაც არ დაგვიკარგავს. ჩვენს შემდეგ დაიკარგა აფხაზეთი, კოდორის ხეობა, სამაჩაბლო, ახალგორის რაიონი. დღეს საქართველოს ბიუჯეტი 21 მლრდს შეადგენს. ჩვენთვის რომ ეცლიათ, 120 მლრდ იქნებოდა. მთლიანი შიდა პროდუქტი 75 მლრდ კი არ იქნებოდა, არამედ 280 მლრდ. საბანკო-საფინანსო რეფორმები სწორედ იმიტომ შეცვალეს და გააცამტვერეს, რომ ახალი საბანკო პოლიტიკით ხალხი დატოვეს უსახლკაროდ და გაამდიდრეს მევახშეები და ბანკირები.
ჩვენ რომ მოგვცემოდა დრო და საშუალება, არცერთი ქართველი არ გაიქცეოდა ქვეყნიდან, რადგან შევძლებდით სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. დღევანდელი მთავრობა კი პირდაპირ პროპაგანდას ეწევა, რომ წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და სპეციალურ პროგრამებსაც კი სთავაზობენ, რაც ქართველი ხალხის ღალატად მიმაჩნია, რადგან, ფაქტობრივად აიძულებენ, რომ დატოვონ ქვეყანა ლუკმაპურის საშოვნელად.ასრულდა ოცნება ჩვენი მტრებისა – საქართველო ქართველების გარეშე.
– თქვენზე ამბობენ რომ შევარდნაძეზე თავდასხმა დააფინანსეთ? მართალია?
– ეს არ იყო ტერაქტი. ეს იყო გამიზნული სამხედრო ოპერაცია. თავისი მოქმედებით შევარდნაძე თვითონ გახდა ამ სამხედრო ოპერაციის ორგანიზატორი. შევარდნაძემ იმდენი უბედურება მოუტანა სამეგრელოს და მთელ საქართველოს, დაწყებული პუტჩიდან, ხელისუფლების უკანონო მიტაცებიდან, დამთავრებული აფხაზეთის დაკარგვით, სხვა ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, არ არის გასაკვირი, რაც მოხდა. თუმცა ამ ფაქტთან არანაირი შეხება არ მქონია, მითუმეტეს ფინანსური. შევარდნაძემ მთელ საქართველოს დიდ უბედურება მოუტანა. მისი სამეგრელოში ყოფნის დროს მთვრალმა კვირაიამ ცხრა უდანაშაულო ახალგაზრდა დააწვინა ასფალტზე და საკუთარი ხელით დახვრიტა და ამისთვის იგი არ დასჯილა და რაღა დასამალია, არსებობს რეალური ეჭვი, რომ პირველი პრეზიდენტიც შევარდნაძემ მოკლა.
– ბატონო გურამ, ზვიად გამსახურდია თქვენ ჩამოიყვანეთ გროზნოდან. რა პოლიტიკური მოსაზრებით გააკეთეთ ეს?
– ზვიადი მე ჩამოვიყვანე და ბედნიერი ვარ. მე მთხოვა ამ ოპერაციის ჩატარება. ყველაზე ძვირფასი, მან თავისი სიცოცხლე მანდო. მის ჩამოყვანას საფუძვლად დაედო 1993 წლის 2 სექტემბრის დადგენილება, სადაც შავით თეთრზე წერია, ჩამოვიდეს ზვიად გამსახურდია და შეუდგეს თავის სამსახურებრივ მმოვალეობას. დადგენილების ეს ფორმულირება გროზნოდან უკარნახა ამსახურდიამ უზენაეს საბჭოს. ამ დადგენილებას წინ უძღოდა მისი საჯარო ნათქვამი სიტყვები: ,,საქართველოში არ დავბრუნდები სახალხო მოთხოვნის გარეშე. ამას მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის ხელმოწერები. დაახლოებით 400 000 ხელმოწერა გაიგზავნა გროზნოში. ამ ყველაფრის გამოქვეყნების შემდეგ დამიძახა ზვიად გამსახურდიამ და მთხოვა საქართველოში ჩამოყვანა: თხოვნა მიიღეთ, როგორც დავალება და უნდა გააკეთოთ ამის ორგანიზებაო. ჩვენ ჩამოვფრინდით 1993 წლის 24 სექტემბერს. მე ამით ჩემი მისია შევასრულე, ხოლო 1993 წლის 6 ნოემბერს ჩვენ ერთმანეთს დავცილდით, უფრო სწორად, მე დამაცილეს ბატონ ზვიადს და 56 დღის შემდეგ მოკლეს ზვიადი. რა კავშირშია ზვიადის მკვლელობასთან გურამ აბსანძე, ამიხსნან ამ ბრიყვებმა და უვიცებმა. მე როგორ ვაკადრებდი ბატონ ზვიადს, წავიდეთ საქართველოში? მე გამომიცხადა უდიდესი ნდობა. რატომ მათ არ გამოუცხადა ნდობა, რომლებსაც ახლა ვითომ გული შეტკივათ პრეზიდენტზე?
თუ ამ თემაზე საზოგადოებას დამატებით აინტერესებს რაიმე, არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, შეიკრიბონ ჟურნალისტები, ვინც სურთ, მოიყვანონ და ვუპასუხებ ყველა კითხვაზე. მე ზვიად გამსახურდიას იდეებს თავი შევწირე. ჩემი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დიდი ტანჯვა-წამება გადაიტანეს. კიდევ ერთი ვინმე დამისახელეთ ასეთი. თუ ხელისუფლებაში მოვალთ და მოსახლეობა მხარს თუ დაუჭერს ჩვენს პროგრამას, ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა!
კომენტარები