ქოლცენტრების თაღლითური სქემის კვალი ქართულ ოცნებამდე მიდის – სკანდალური განცხადება დღეს პარლამენტში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა და კონკრეტული გვარებიც დაასახელა.
ვაშაძე ამტკიცებს, რომ უკანონო ბიზნესს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახი ფლობს.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე”- თქვა ვაშაძემ.
“6 მაისს, აღმაშენებლის 75-ში, სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, უსიტყვოდ, არაფერი არ განუცხადებიათ, მაგრამ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, არახამიას გაშავება და თითქოსდა რაღაც „ქოლ-ცენტრებთან“ დაკავშირება.
ეს იყო პირდაპირ „სუსის“ მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ.
მე საზოგოდოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამ საქმეს ესე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე, ამიტომაც ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, თუ როგორ არის დაკავშირებული სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე ეს ქოლცენტრების თაღლითური სქემა, რომელიც არამხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამისი არაერთი ფაქტი არის.
13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას „ლაიონ 7“, რომელიც იმდღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე ჩემი ძმა ფლობს 10 ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან.
მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანიის, შ.პ.ს „რუმსის“ დირექტორი , თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად, „ჩაჩი“ დასენთან ერთად ფლობს „ბლექ სი როქს“ ასეთ კომპანიას, ქოლცენტრს, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეეს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონრეს.
ვინ არის ჩაჩი დასენი? –ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია “ვიპ ტრეიდის“ დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და კნიალ დასენი, ასევე არტურ არაბიანი, ეს ადამიანები გახლავთ ისკო დასენის ოჯახის წევრები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის.
ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა პასუხისგებაში ფულის გათეთრების გამო, ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლიდან კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შ.პ.ს „მისო ლიდერის“ სამეთვალყურე საბჭოს წევრი ბატონი გიორგი გოგუაძე, ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ „ვიპ ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ანუ აი ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის, მთავარი, დედაკომპანიის წევრი.
შესაბამისად, მე ხელთ მაქვს ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ დგას ქოლ-ცენტრების უკან, სწორედ ამიტომ ახლა აჭიანურებენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ ,რომ ეს მტკიცებულებები დასაბუთებული არის შპს-ების სარეგისტრაციო დოკუმენტებით და დასტურდება ამ ადამიანების კავშირი, ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი დიდი თაღლითური სქემისა, რომლითაც ფინანსდება „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია და ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დადასტურდა მე და ჩემი ოჯახი, ასევე დავით არახამია ვართ ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე , არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას დღეს საქართველოში. აი, ბატონო სახელები და გვარები, ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ და ევროპელ სამართალდამცავებსაც აუცილებლად ყველა მტკიცებულებას წარვუდგენ” – გიორგი ვაშაძე
ტვ პირველი
კომენტარები