პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს დღევანდელი კენჭისყრისას ხმა მისცეს იმ ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატიდან, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს დარბაზი.
„შემიძლია, დავდო თავი, რისი მოწმეც ვიყავი, მოგეხსნებათ, ჩემს რიგში ექვსი ადამიანი ვსხედვართ და არცერთს არ მიუცია ხმა. დანარჩენს რაც შეეხება, ხმის მიმცემი არის იმ ადამიანში, ვინც გამოვიდა პროტესტის ნიშნად და თქვა, რომ ვინც დარჩება, იმან მისცა ხმაო. ვინც დარჩა, იმათ არავის მიუცია ხმა ოპოზიციიდან, მაგრამ ვინც გამოვიდა, სხვათაშორის, არის ის 5 კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ხუთი ადამიანია, თავიდან ბოლომდე პროცესი გადაღებულია, თქვენი კოლეგები იღებდნენ ზემოდან. როგორც გითხარით, ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. ამის გადამოწმება შესაძლებელია. დანარჩენი ხომ იცით, პარლამენტის დარბაზში კი არა, არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდეს, გავიგებთ ალბათ.
სხვა უბრალოდ არ რჩება. ხუთნი ვინც დავრჩით, არავის მიგვიცია ხმა, შემიძლია, თავი დავდო. დანარჩენი დარჩნენ „ქოცები“. ვიღაც ხუთი ადამიანია, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ვინც დარჩებით, იმათ მიეცით ხმაო და ამ დროს უკვე მიცემული აქვთ.”
შეგახსენებთ, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა
კომენტარები