მონტანას გუბერნატორმა, გრეგ ჯინფორტემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შტატში გასართობ აპლიკაცია TikTok-ს სრულად კრძალავს. ამ გადაწყვეტილებით მონტანა გახდება აშშ-ს პირველი შტატი, რომელშიც აპლიკაცია აიკრძალება.
გასულ თვეში მონტანას წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა 54 ხმით 43-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს კანონპროექტის მიღებას, რის შემდეგაც ის გუბერნატორს გაეგზავნა.
როგორც ჯინფორტე Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხსნის, მან კანონპროექტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მონტანელების პერსონალური და პირადი ინფორმაციის დასაცავად მიიღო.
სადავო კანონპროექტის მიღება, რომლის სამიზნეც კონკრეტულად TikTok-ის აპლიკაციაა, ჯერჯერობით ამ სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ გადადგმული ყველაზე მკაცრი ნაბიჯია და აპლიკაციის აკრძალვასთან ერთად, არ დამორჩილების შემთხვევაში 10 000 დოლარის ოდენობით ყოველდღიურ ჯარიმასაც ითვალისწინებს.
კანონი 2024 წლის 1 იანვარს ამოქმედდება, თუმცა, სავარაუდოა, რომ მას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
TikTok-ი ამბობს, რომ დაიცავს მონტანაში საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს.
კომენტარები