პარტია “ლელო – საქართველოსთვის” დღეს საქართველოს პარლამენტთან დაანონსებულ საპროტესტო აქციას უერთდება.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ყველას, ვისაც არ უნდა რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, 8 საათზე პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდა.
“7 წელი შესრულდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, როცა საოკუპაციო ხაზზე რუსმა სამხედროებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე. მკვლელები დღემდე თავისუფლები არიან და სწორედ ამ დღეს 2023 წელს ქართულმა ოცნებამ გააფორმა მორიგი საოკუპაციო მემორანდუმი რუსეთის ხელისუფლებასთან და პუტინთან, სწორედ ამას ხედავს დღეს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მიზანია რომ ამას გავუწიოთ მძაფრი და მკაფიო წინააღმდეგობა.
მოგიწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მოხვიდეთ 8 საათზე საქართველოს პარლამენტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება რაზავს კარებს დასავლეთისკენ, ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და თავის მხრივ ხსნის ფართოდ კარებს ჩრდილოეთისკენ. პუტინის რუსეთისკენ, რომელიც დღეს წარმოადგენს ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს ტერორისტულ ომს დასავლეთის, დემოკრატიის, უკრაინის და ყველა იმ ქვეყნის წინაშე, რომლებსაც უნდათ საკუთარი ერების თავისუფლება და განვითარება. დღეს, ერთადერთ გამოსავლად “ლელოს” მიაჩნია სავიზო რეჟიმის შემოღება, რომელიც გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებიდან. სავიზო რეჟიმი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შემოვიდნენ ქვეყანაში თუნდაც რუსეთიდან, დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს, მაგრამ სახელმწიფო გააკონტროლოს მკაცრად ჩვენს ქვეყანაში შემომავალი ნაკადები, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მათ შორის არიან, რიგი ადამიანები არიან, სწორედ პუტინის რუსეთის დავალებების შემსრულებლები… ამიტომ, ვისაც არ გინდათ რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება, დღეს საქართველოს პარლამენტთან მოდით რვა საათზე,” – თქვა ირაკლი კუპრაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, პარლამენტთან 8 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
კომენტარები