დეკანოზი თამაზ ლომიძე:
„ზოგს იესო ქრისტე ჩვეულებრივი კაცი ჰგონია, ზოგს დიდ მასწავლებლად მიაჩნია იგი, ზოგი ხვდება, რომ რაღაც არამიწიერი და ღვთაებრივია მასში, რომ ყველა ადამიანისგან განსხვავებით აბსოლუტურად უცოდველია იგი, ხოლო ზოგმა შეიცნო მასში აღთქმული მესია, განკაცებული ღმერთი, მისი პირადი მაცხოვარი და კაცობრიობის მხსნელი. წინა კვირას ქრისტეს მიერ შობიდან ბრმის განკურნება გავიხსენეთ, იოანეს სახარების მე-9 თავიდან. სწორედ ამ საფეხურებს გადის სიბრმავიდან გამოსული იუდეველი კაცი. თვალახელილს დაკითხვას მოუწყობენ ფარისეველნი, ეკითხებიან: თქვი, ვინ და როგორ აგიხილა თვალიო. ყოფილი ბრმის პასუხები სწორედ ამ გზას გადის. მისი პირველი პასუხია: კაცმა იესომ განმკურნაო ანუ ჩვეულებრივი კაცი ჰგონია იგი. შემდეგ, თავს რომ არ ანებებენ, პასუხობს: მე მგონი წინასწარმეტყველია ანუ დიდი მასწავლებელიაო. შემდეგ კიდევ რომ სთხოვენ სიმართლე თქვას და აღიაროს თუ რა მოხდა, ამბობს: დარწმუნებული ვარ უცოდველია და ღმერთისგანაა მოსული, რადგან ვიცით, რომ ცოდვილისას არ ისმენს ღმერთი და ღმერთისგან რომ არ იყოს იგი, ასეთ სასწაულს ვერ მოახდენდაო. ამ მესამე პასუხზე გალანძღავენ და გამოაგდებენ ტაძრიდან. და ბოლოს მეოთხე პასუხს თავად უფლის წინაშე ამბობს. თვითონ იესო შეხვდება მას, რომელსაც პირველად ხედავს საკუთარი განკურნებული თვალებით, და ახლა უკვე უფალი ეკითხება: შენ გწამს ძე ღმრთისა ანუ შენ გწამს ქრისტეს მოსვლა შენს გადასარჩენად? ხოლო ის კითხვითვე პასუხობს: ვინ არის ის, უფალო, მაჩვენე, რომ ვიწამო მისი? და ქრისტე პასუხობს: მე ვარ, შენთან მოლაპარაკე. თვალახელილი ბრმა ამბობს: მწამს უფალო! დავარდება და თაყვანს სცემს მას. ასე გამოდის ადამიანი სულიერი სიბრმავიდან და მაღლდება ღმერთის შემეცნებაში, კაცი იესოდან განკაცებული ძე ღმერთის და მაცხოვრის ხილვამდე.
რომელ საფეხურზე დგახართ თქვენ? ვინ არის თქვენთვის იესო ქრისტე? ჩვეულებრივი კაცი, დიდი მასწავლებელი, ღმერთისგან მოსული და ცოდვის არმქონე თუ თქვენი საკუთარი უფალი და მაცხოვარი?“
კომენტარები