24 მაისს, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე წირვას საქართველოს საპატრიარქოს სინოდის წევრი, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზიც დაესწრო.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მიიღო წირვაში მონაწილეობა, ეზიარა და რუსეთის პატრიარქს, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, “რამდენიმე სიტყვა უთხრა”. მისივე თქმით, საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობა საშუალებას იძლევა “ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ”.
“ეს არ არის ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მე წირვაზე გამოვეგზავნე აქ მის იუბილეზე დასასწრებად. მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი მოსკოვში და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას, არც პოზიციების გაზიარებას, არც არავითარ თანხმობას კიდევ რაიმე მოქმედებაზე.
ეს არის საღვთო ლიტურგია, ეს არის თანამონაწილეობა საღვთო ლიტურგიაში, რომელიც პირიქით, მეტ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ, მისგანაც სწორი პასუხები მოვისმინოთ ყველაფერზე, ეს იძლევა ამის საშუალებას.
მე ვიყავი წირვაზე პატრიარქ კირილესთან და რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებთან, მივიღე წირვაში მონაწილეობა, ვეზიარე და ჩემი აზრი ვუთხარი პატრიარქს, როდესაც შევხვდით ერთმანეთს, როდესაც მქონდა საშუალება მისთვის მიმელოცა მისი ანგელოზის დღე და რამდენიმე სიტყვა მეთქვა მხოლოდ. არაფერი საერთო მე მასთან არ მაქვს, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ქვეყნის პრეზიდენტს რა მადლობას გადაუხდის, ეს იქნება რაიმე პოლიტიკური ხასიათის განცხადება, თუ ეს იქნება რაიმე პირადი მათი ურთიერთობა, არაფერი საერთო მე ამასთან არ მაქვს, არაფერი არ მიგრძნია საერთოდ, რა უნდა მეგრძნო, მე ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
საპატრიარქოს საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებია.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები