მღვდელი გელასი აროშვილი:
,,ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ჩემი მეგობრები ბიბლიოთეკიდან პირდაპირ ტაძარში აღმოვჩნდით. მანამდე იყო გატაცება პოეზიით, მხატვრობით, ფილოსოფიით … ა.შ. ზოგი მალევე წავიდა, ზოგი დარჩა. ვინც დავრჩით ქრისტიანობის შესწავლა დავიწყეთ. სხვა რელიგიებთან თუ ფილოსოფიურ სისტემებთან შედარების საშუალებაც გვქონდა და საოცარი სულიერი თუ ინტელექტუალური სიღრმე და სიმდიდრე აღმოვაჩინეთ. მალევე დავინახეთ, რომ რეალობა სრულიად განსხვავებული იყო. ტრადიციული ფორმის მიღმა, სახეზე იყო სრული სიცარიელე, შინაარსისაგან დაცლილი ან უკიდურესად დეფორმირებული შიგთავსი. შესაბამისად გაჩნდა უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხი არ იყო და პასუხების ძებნა თავადვე მოგვიწია თეოლოგიურ წყაროებში. ძიებამ აჩვენა, რომ არსებული დომინანტი თეორიები, რომლებიც იქადაგებოდა და რელიგიური პრაქტიკა პოლუსურად განსხვავდებოდა თავად ქრისტიანობისგან. ამას ბუნებრივია მოჰყვა, ჯერ კამათი იერარქიასთან, რომელიც მათ მიერ აღქმულ იქნა პირადულ დაპირისპირებად და წყენაში გადაიზარდა. რაც დრო გადიოდა იდეური ნაპრალი სულ უფრო ღრმავდებოდა. ბოლოს ამგვარმა ფორმალურმა ერთობამ აშკარად მახინჯი სახე მიიღო, რადგან საკუთარი ეპისკოპოსთან, რომელიც ეკლესიაში სარწმუნოების წინამძღვრად არის დადგენილი, ქრისტიანს სრული იდეური ერთობა უნდა ჰქონდეს და ქრისტეს ჭვრეტდეს მასში; თუ არა და უნდა განეშოროს მას, რადგან წმ.თეოდორე სტუდიელის სწავლებით, სულიერი ერთობის დროს უმთავრესი აზრთა წყობაში ერთობაა, სხვაგვარად აშკარა ფარისევლობასთან და პირმოთნეობასთან გვაქვს საქმე, რადგან როგორც წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს ათანასე ალექსანდრიელის მიმართ თქმულ სიტყვაში: ”მწვალებლურ ბოროტბრძნობას ისევე უნდა განვეშოროთ როგორც ლოთი სოდომს, და უკანმოუხედავად ვრბიოდეთ მათგან, რათა მარილის ლოდად არ ვიქცეთ, როგორც ლოთის ცოლი”. იგივეს გვამცნობს წმ.ეგნატე ღმერთშემოსილი: ”უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდროს. და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არაცა მწვალებელთა ჯერ-არს შეერთებაჲ და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაჲ. უკუეთუ ვინმე მწვალებლითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი-იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთაჲ, არამედ ”მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენახისაჲ” (ქებ. 2.15), ”ესევითარსა მას ნუ თანა-აღერევით, რაჲთა არა წარსწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამაჲ იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმაჲ, გინა თუ მეგობარი”(I კორ. 5.11; II თეს. 3), რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ: ”არა ჰრიდოს მას თუალმან შენმან” (შჯ. 13.6,8), ჯერ არს ეგევითართა მტერად შერაცხვაჲ და განშორებაჲ მათგან”.
ასე და ამგვარად წამოვედით საპატრიარქოდან. საპატრიარქოს განვეშორეთ, მაგრამ ამით წმინდანებთან შევინარჩუნეთ ერთობა და აზრთა წყობა, რადგან საპატრიარქო თავადაა სქიზმაში(განხეთქილებაში) წმინდანთან ანუ ქრისტეს ეკლესიასთან.”
კომენტარები