“ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლა რამდენიმე დღის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარტიის თავმჯდომარისთვის რუსული რუბლების დაყრაზე საუბარს დაუთმო:
“მინდა გამოვეხმაურო იმ ყოვლად სამარცხვინო ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ ორიოდე დღის წინ. ბოლშევიზმის და ულტრა ლიბერალური ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში ირაკლი კობახიძესთან უღირსი მოქცევა სცადა კრებსითმა ფრანკლინის კლუბმა. იმ ფრანკლინის კლუბმა, რომელმაც შეგნებულად თუ უვიცობით ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან დამწერლობას და ანბანს, ლანძღავს და დასცინის ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიასა თუ სამშობლოს. სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის უფრო სწორად კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა, არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება იმისთვის, რომ რადიკალიზმის ბოროტ სულისკვეთებაში კარგად გაერკვეს, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზაციას…
…ერთი რამ მაინც უნდა ითქვას ჩვენი ძვირფასი ახალგაზრდების გასაგონად, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო, პროფესორი ირაკლი კობახიძე უკვე მრავალი წელია მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თსუ-ში, მისი შრომები და განსაკუთრებით, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ნაშრომი საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას, ფრანკლინის კლუბის ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე, და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული”
კომენტარები