bm,ge-ის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 25 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 30%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. ვალუტის კურსის მიხედვით, მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თურქეთს ყველაზე ცუდი შედეგი აქვს, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გამარჯვებაა.
სწორედ გუშინ თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-დან პირდაპირ 15%-მდე გაიზარდა. მსგავსი გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს მიუღია. განაკვეთის ზრდა პირდაპირ კავშირშია სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. ოფიციალური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში ამჟამად 40%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, რეალური ინფლაციის დონე 200%-ის ფარგლებშია.
ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთის ცენტრალურ ბანკს ახალი ხელმძღვანელი ჰაფიზ ერქანი ჰყავს, ერდოღანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრიც შეცვალა. ამ პოზიციაზე ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელსაც სიმკაცრე და სტაბილურობა გამოარჩევს.
ის კლასიკური ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და არც „ერდოღანიზმის“ თეორიის, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი უკვე წლებია ახორციელებს.
შიმშეკის და ერქანის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის მაუწყებელია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. თავის მხრივ, ეს მოვლენა მისასალმებელია, თუმცა ეს ცვლილება გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, კერძოდ, მკვეთრად გამკაცრებული პოლიტიკა ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას გაამწვავებს, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე კი, არ არის გამორიცხული, ერდოღანი ისევ პოპულისტურ სტრატეგიას დაუბრუნდეს და საპროცენტო განაკვეთები თითქმის გაანულოს. მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური რისკი გლობალური ინვესტორებისთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომაც თურქული ლირა ფაქტობრივად ყოველდღიურად განაგრძობს ახალი ანტირეკორდის დამყარებას.
კომენტარები