სპორტული ჟურნალისტი, დავით ბაკურაძე:
“კახეთში მოხდა…ერთერთ სოფელში თალიკო ბებოს 100 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შეიკრიბა მთელი ოჯახი, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, შვილთაშვილის შვილები, ნათესავები, მეზობლები…დიდი სუფრაა ეზოში…თალიკო ბებო ყოჩაღადაა, ნათელ გონებაზე, ოჯახშიც ტრიალებს, ცხოველ-ფრინველსაც უვლის… თამადამ თალიკო ბებოს სადღეგრძელო დალია, ყველამ დალოცა და თალიკოც ადგა სამადლობლის სათქმელად:
– დიდი მადლობა შვილებო..ასე რომ დამაფასეთ..რაკი ყველა ერთად გნახეთ ეხლა სიკვდილისაც არ მეშინია!.. ნუ გეშინიათ ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს..მაგრამ სადაც ჩემი სადღეგრძელო ითქმება, იიქ ბატონი ოთარის, ჩემი გადამრჩენლის და ჩემი ექიმის სადღეგრძელოც უნდა ითქვას…30 წლის წინ მან მომაბრუნა საიქიოდან, ჩემი ქმრის, ცხონებული შოთას სიკვდილის მერე იგრე ფინთად შევიქენი რო აღარ მქონდა გადარჩენის იმედი, რომ არა ბატონი ოთარი! კაცი იმ უგზოობაში თელავიდან ყოველ დღე ჩამადიოდა მსინჯამდა, წამლებს მასმევდა და სანამ ფეხზე არ დამაყენა დღე არ ჩაუგდია..დარწმუნებული ვარ ბატონი ოთარი ეხლა თბილისის რომელიმე დიდი საავადმყოფოს მთავარი ექიმი იქნება..ბატონ ოთარს გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს!..გაუმარჯოს!..ოთარ ექიმს გაუმარჯოს!, – შესძახეს სუფრაზე და თან ზოგი ზირაქაანთ გაბოს უკრავდნენ თვალს…
90-იანებში შოთა პაპა რომ დაიღუპა და თალიკო ბებო ცუდად გახდა სოფელს სასწრაფოს გამოძახება კი უნდოდა, მაგრამ მაშინ სასწრაფო რომ მოგეყვანა მისთვის ბენზინი უნდა ჩაგესხა…ბენზინი კი არ იყო….ამიტომ ყველაზე წარმოსადეგ და მაღალ კაცს ზირაქაანთ გაბოს ჩააცვეს თეთრი ხალათი, დაახურეს ექიმის ქუდი, პირბადეც იშოვეს, რომ არ ეცნო, მისცეს წნევის გასაზომი აპარატი, ფონედოსკოპი, ვალიდოლი და ვალერიანკა…ასე მკურნალობდა ყოველ დღე გაბო თალიკო ბებოს სანამ ფეხზე არ დააყენა…”
კომენტარები