ლევან ჯავახიშვილი
,,ალიას” ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– ბატონო კახა, კიდევ ერთი კონსერვატიული მოძრაობა შეიქმნა–„საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ორგანიზაცია „კონსერვატიულ მოძრაობა–ალტ ინფოს“ ჩაანაცვლებს. თქვენ რას იტყვით? და საერთოდ, რა მიზნის გამო შეიქმნა კიდევ ერთი კონსერვატიული მოძრაობა?
– არა, არავის ჩანაცვლება არ მოხდება ამ მოძრაობით. ბიძინა ივანიშვილი ე.წ. კონსერვატიული მოძრაობის რამდენიმე ჯგუფს ქმნის, როგორებიც არის, მაგალითად, „პატრიოტთა ალინსი“ „ხალხის ძალა“, “ალტ ინფო“ და მათ ახლა ეს ახალი მოძრაობა დაემატა. ბიძინა ივანიშვილს ეს მოძრაობები სჭირდება 2024 წლის არჩევნებისთვის, რომ მერე მათშორის ხმები გადაანაწილოს, შეიყვანოს პარლამენტში და მათთან და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა. რამდენად გამოუვა ეს ივანიშვილს, არ ვიცი, მაგრამ ამ მოძრაობების თავში ის დგას, ის აფინანსებს მათ და შესაბამისად, მის დავალებებს ასრულებს ყველა ეს ჯგუფი. „ქართულ ოცნებას“ მე სახელს შევუცვლიდი და „ალტ ინფო–ქართულ ოცნებას“ დავარქმევდი. პირდაპირ დაჯდნენ რუსულ ნარატივზე, პირდაპირ დაჯდნენ კრემლის მესიჯებზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის საბჭოთა სუკ–ის ნარჩენებით, ლუბიანკის ჟუნიორი თუ სტაჟიანი მსტოვრებით, ცდილობს რეჟიმის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას და მათთან და ქართულ ოცნებასთან ერთად მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას. თუმცა, რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, როგორი დარამდენი ე.წ. კონსერვატიული მოძრაობაც არ უნდა შექმნას, კრემლის რამდენი ბრძანებაც არ უნდა შეასრულოს და რუსეთს რამდენადაც არ უნდა დაუწვეს და დაექვემდებაროს, ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერ დაატრიალებს– საქართველოს დასავლურ კურსს ვერ შესცვლის.
–თქვენ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ამ კონსერვატიულ მოძრაობებს ცალ–ცალკე მიაღებინებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ერთ პარტიად გააერთიანებს?
–მე მგონი, მაინც ცალ–ცალკე მიაღებინებს მონაწილეობას.
–ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო პერიოდში მოხშირებულ უცხოურ ვიზიტებზე რას იტყვით? ბევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ინტერესების გამო, დასავლეთთან არეული სიტუაციის დალაგებას ცდილობს და ამას ღარიბაშვილის ხელით ცდილობს.
–ბიძინა ივანიშვილს არანაირი რესურსი აღარ დარჩა დასავლეთთან ურთიერთობის დასალაგებლად. ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნა, რომელმაც დაუწუნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონი, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციები, ევროპის დამოკიდებულება ივანიშვილის მიმართ ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ, ივანიშვილს დარჩა რაიმე რესურსი დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს დამოუკიდებლად, ის კრემლის „ნამესტნიკია“ საქართველოში და თუ კრემლმა მისცა იმის უფლება, რომ გადაალაგოს ურთიერთობა დასავლეთთან, მაშინ შეიძლება ეს სცადოს. თუმცა, არა მგონია რუსეთმა, რომელიც დასავლეთთან ომშია ჩართული, ამის უფლება მისცეს ივანიშვილს. ირაკლი ღარიბაშვილს რაც შეეხება, ის არის ივანიშვილის ფოსტალიონი, მისი სურვილების გამხმოვანებელი. მას საგარეო პოლიტიკაში მეტი ფუნქცია არ გააჩნია. ივანიშვილმა შესაძლოა მოახდინოს დასავლეთთან ურთიერთობის გადალაგების იმიტირება და მეტი არაფერი. მას შემდეგრა მესიჯებიც გააჟღერა ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილების, კალაძეების, კობახიძეების, ,,ხალხის ძალის,” სხვა კონსერვატიული მოძრაობების პირით, რაღა რესურსი დარჩა, არ ვიცი. პირდაპირ ლანძღეს დასავლეთი, ევროპა, ევროსტრუქტურების ლიდერები და ევროპარლამენტარები… მიუხედავად ამისა, დასავლეთი მაინც ბოლომდე შეეცდება საქართველო დააბრუნოს ევრო–ატლანტიკურ, პროდასავლურ რელსებზე, იქ სადაც ჩვენი ადგილია. რადგან, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში თავად დასავლეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, დასავლეთი ხელს არ ჩაიქნევს საქართველოზე და ივანიშვილს ყველაფრის უფლებას არ მისცემს. პირიქით, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აიძულოს ევროკავშირის რეკომენდაციით ქვეყნისთვის დაკისრებული თორმეტივე პუნქტის აღასრულოს, რათა წლის ბოლოსთვის მივიღოთ ევროკანდიდატის სტატუსი. ამიტომ დასავლეთს ზეწოლა საქართველოს კრემლის მიერ მართულ ხელისუფლებაზე გაგრძელდება. ამ პროცესში, თავისი როლი უნდა ითამაშოს ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია.
–პოლიტიკური ოპოზიცია, ჩავთვალოთ, რომ ფაქტიურად, არ გვყავს. მხოლოდ კომენტატორები არიან, რომელთაც იდეები არ გააჩნიათ და უკვე მომხდარ ფაქტებსა და მოვლენებზე რეაგირებენ. ქვეყანა დამშეულია, მარტო 650 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია ქვეყანაში, სადაც გაიხედავ კაცი, ყველგან გაფიცვა და სოციალურ ნიადაგზე სხვა სახის საპროტესტო აქციებია. ამ დროს ოპოზიცია სოციალურ თემატიკაზე ხმას არ იღებს. ეს ის საკითხია, თუ გააღვივე, ხალხი თუ გამოვიდა ქუჩაში, ორივეს წალეკავს–ხელისუფლებასაც და გაზულუქებულ ოპოზიციასაც. შესაბამისად, შთაბეჭდილება მრჩება, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, ოპოზიცია შეკრულია ივანიშვილთან, ყველაზე მოწყვლად თემებზე არ რეაგირებენ და არ ამწვავებენ სიტუაციას, რათა ეს არსებული კომფორტი არ დაკარგონ. თქვენ რას იტყვით?
–ძალიან კარგი შეკითხვაა. იმ აქტუალურ თემებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს, ოპოზიცია საერთოდ არ საუბრობს. ქმედბებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რეგიონები სავსეა სოციალური საპროტესტო აქციებით და თბილისიდან ოპოზიციის ერთი ლიდერი არ მინახავს, იქ ჩასულიყო და ხალხს გვერდში დადგომოდა. არც თბილისში იკლავენ თავს ამგვარი პროტესტების გაზიარებისთვის. ოპოზიცია გადასულია ერთმანეთის ძაგებაზე, ერთმანეთის გინებაზე, რასაც ხელს უწყობს ხელისუფლება და იკვრება წრედი, რაც თქვენ სწორედ შენიშნეთ. დააკვირდით, რა თემებზე საუბრობენ და რა არის მათი პრობლემა. ოპოზიცია ხალხის რეალურ გასაჭირზე არ საუბრობს, არ ამ ხელს ხელისუფლებას და ფაქტიურად, ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ამიტომ არის ოპოზიცია ნდობადაკარგული და ეს ძალიან სამწუხაროა.
–ოპოზიციისა და ხელისუფლების ხალხის ზურგსუკან გარიგების კონკრეტული ფაქტი ცოტა ხნის წინ დაიდო, როდესაც იუსტიციის საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატებს ოპოზიციის ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა და ლევან მურუსიძის და „ქართული ოცნების“ რჩეულები ერთად დანიშნეს საბჭოს წევრებად.
–ეს იყო ნათელი ილუსტრირება იმისა, როგორ მოქმედებენ სინქრონში ხელისუფლება და ოპოზიცია. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი, დასტური იმისა, რის შესახებაც ჩვენც, საზოგადოებამაც კარგად ვიცოდით.
–პარლამენტში არ უნდა შესულიყო ოპოზიცია, დაეტოვებინათ მარტო „ქართული ოცნება“?
–არა, პარლამენტში შესვლაც შეიძლება, მაგრამ იქ შენი პოზიციების დაცვა და ხელისუფლებისთვის რეალური წინააღდეგობის გაწევა უნდა შეგეძლოს. თუ პარლამენტში იმიტომ შედიხარ, რომ მარტო პარლამენტარის პრივილეგიებით ისარგებლო.ან ბიზნესები დაიბევო, მაშინ ის დაგემართება, რაც ახლა სჭირს ოპოზიციას.
–თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, რომ ქართული საზოგადოება გაიტანს თავისას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს ქვეყანა. კი, ჩვენი საზოგადოების აქტიურობის შედეგად ჩააგდო პარლამენტმა „აგენტების კანონი“, შარშან, ზაფხულშიც ორი ხალხმრავალი აქცია გაიმართა ევროკანდიდატობის სტატუსის მხარდასაჭერად. თუმცა, მაინც გამალებით მიათრევს რუსეთისკენ ივანიშვილი ქვეყანას. ამერიკამ ოფიციალურად დაგვასხელა იმ 5 ქვეყანას შორის, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებაიან და ვფიქრობ, ახლო მომავალში საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვა „სავარუდოდ“ ამოვარდება ამგვარი წინადადებიდან. ისეთი პროცესები მიდის ქვეყანაში, ახლა სიჩუმე და გაყუჩება არ შეიძლება, ხალხი ქუჩაში უნდა იდგეს და ამ ხელისუფლებას არ უნდა ასვენებდეს. სულ მცირე, მუდმივ დისკომფორტში უნდა ჰყავდეს, თუ მის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებას ჯერ ვერ მოახდენს.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ჩემი ოპტიმიზმი იმას ეყრდნობა, რომ საქართველოში სიტუაციის შეცვლა მთლიანად უკავშირდება რუსეთ–უკრაინის ომს და საერთო პოლიტიკურ სიტუაციას. ეს პოლიტიკური სიტუაცია კი იქითკენ მიდის, რომ რუსეთის იმპერია უკვე ვეღარ იარსებებს იმ სახით, როგორი სახითაც დღემდე არსებობდა. მთავარია, ჩვენ არ მოვდუნდეთ, საზოგადოება უნდა მობილიზდეს ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთო პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად მოწყდება რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას. პესიმიზმსა და ნიჰილიზმს, რომელსაც თავად ხელისუფლება ნერგავს, არ უნდა აჰყვეს საზოგადოება. არ შეიძლება პესიმიზმში ყოფნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ისტორიის ჩარხსუკან ვერ დაატრიალებს, პროცესებს, რომლებიც რუსეთის საწინააღდეგოდ ვითარდება, ვერავინ აღუდგება წინ. რაც შეეხება მარტის აქციებს, როდესაც „აგენტების კანონი“ გააწვევინა უკან ხალხმა ხელისუფლებას, ამ აქციებით დაინახა ევროპამ ნამდვილი ევროპული საქართველოს სახე. ძალიანდიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება 2024 წლისარჩევნებს წააგებს და ბიძინა ივანიშვილი ვერ მოგვიგებს იმ ბრძოლას, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია.
კომენტარები