“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორის განცხადებას, რომელიც მოითხოვს ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.
“შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის გენდერთან დაკავშირებული პუნქტი, მაგრამ ეს არ არის ნინო წილოსანის დამსახურება, ამ საკითხზე მუშაობდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ის ორგანიზაციები ეხმარებოდნენ და გვერდში ედგნენ გენდერულ საბჭოს, რომლებმაც დღეს მოითხოვეს ნინო წილოსანის გადადგომა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ წარმოუდგენელია გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დამცველობის პრეტენზიის მქონე დეპუტატმა მოუწოდოს დეპუტატებს ძალადობისკენ და გაამართლოს ძალადობაში მხილებული კაცი. ამ ქვეყანაში თანასწორობაზე, ქალთა უფლებების გაძლიერებაზე მუშაობს ძალიან ბევრი ორგანიზაცია 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ერთი კონკრეტული ადამიანის, მითუმეტეს, ნინო წილოსანის დამსახურება ეს არ არის. ამიტომ გააცნობიეროს, რას უჭერდა მხარს, როცა რუსულ კანონს უჭერდა მხარს, ამით ის არ აღიარებს, რომ სწორედ უცხოური გრანტების მხარდაჭერით გაუმჯობესდა საქართველოში ქალთა მდგომარეობა, ეს უნდა დაინახოს წილოსანმა და მერე ილაპარაკოს საკუთარ როლზე.
მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ის გადადგება, ან პარლამენტის სპიკერი დაინახავს პრობლემას, მაგრამ პარლამენტში არსებობენ ქალები, ვინც კონკრეტულად ადამიანის უფლებებზე სპეციალიზდებიან და აქვთ გაცილებით მეტი მგრძნობელობა ქალთა უფლებებზე, ვიდრე მოგვისმენია წილოსანისგან. დიახ, უკეთესია საერთაშორისო იმიჯისთვის, თუ ამ საბჭოს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი ქალი,” – განაცხადა სამნიძემ.
ქალთა უფლებებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე 20- ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს, რომ ნინო წილოსანმა გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვოს, რადგან თანაგუნდელებს ქალ დეპუტატზე ძალადობისკენ მოუწოდა, ხოლო ძალადობაში მხილებულ შალვა რამიშვილს მხარი დაუჭირა. აღნიშნულს გამოეხმაურა ნინო წილოსანიც, რომელიც აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორს არ გაუხარდა, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით რეკომენდაცია ევროკავშირმა სრულად შესრულებულად ჩათვალა და ახლა მის გადადგომას ითხოვენ.
კომენტარები