შაბათ-კვირას მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის იდეა – ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კალაძის ინიციატივას მოსახლეობის საყოველთაო პროტესტი მოჰყვეს.
“ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ შაბათ-კვირასაც ადამიანები მუშაობენ იმისათვის რომ ლუკმა პური იშოვონ და გადაადგილება მსუბუქი მანქანებით მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
“ადამიანები შაბათ-კვირას გადიან საყიდლებზე, გადიან რაიონებში, დასასვენებლად და ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ასევე შაბათ-კვირას ადამიანები მუშაობენ იმიტომ რომ იშოვონ ლუკმა პური. ის, რომ გაჩერდეს მთელი თბილისი შაბათ-კვირას და მარტო კალაძემ, მაღალი თანამდებობის პირებმა და ქოცებმა იარონ ქალაქში და ჩვენ სახლში უნდა ვისხდეთ მშივრები , არ გამოვა ბატონო კახი ” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
დედაქალაქის მერის ინიციატივას აკრიტიკებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაც. დავით მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ინიციატივას მოჰყვება პროტესტი საზოგადოებაში.
“ადამიანებს ძალით ვერ გადმოათრევენ კერძო ავტომობილებიდან და ვერ შეტენიან ვერც ავტობუსებში და ვერც ავარიულ მეტროში. უნდა მოაწესრიგონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მოგვცენ თავად მაგალითი. რით დაბრძანდებიან ჩვენი თანამდებობის პირები და რითი გადაადგილდებიან ევროკავშირის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები. ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვება საზოგადოების მხრიდან ” – აცხადებს დავით მესხიშვილი.
კომენტარები