ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა საქართველოში არსებული კლინიკის გარდა, თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მკურნალობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი წელიწადში 30 მლნ ლარამდეა.
„სანამ ქვეყანაში ბავშვთა სრულყოფილი ონკოლოგიური მიმართულება გვექნება, მსოფლიოს 3 ქვეყანაში სხვადასხვა კლინიკასთან გვქონდა მოლაპარაკება. ჩატარდა ფასთა კვლევა და შედეგად, ესპანეთის, ისრაელის და თურქეთის კლინიკებიდან მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა თავად შეარჩიონ რომელ კლინიკაში უნდათ ბავშვის მკურნალობა, რასაც სრულად დავაფინანსებთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად 300-მდე ბავშვია, ვინც ამ მკურნალობას საჭიროებს. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ სრულყოფილად დავაფინანსოთ ამ კლინიკებში მათი მკურნალობა. დღეს იყო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები, ასევე, მოწონებული იქნა მთავრობის მხრიდან.
ამ სამი კლინიკიდან თურქეთის და ესპანეთის შემთხვევაში (ესპანეთში ასევე პროტონოთერაპიის შესაძლებლობა იქნება) შემოთავაზებულ ტარიფებში შედის ბავშვის და ერთი თანმხლების ცხოვრება, ისრაელში არ შედის, დანარჩენი ხარჯები რაცაა, სოლიდარობის ფონდი დაფარავს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
კომენტარები