ლევან ჯავახიშვილი
დღეს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დეტალებზე „ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე.
– ბატონო ზვიად, საზოგადოების ერთი ნაწილი აპირებს, სამოქალაქო პროტესტის საშუალებით, ხელისუფლებას გააუქმებინოს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რის შემდეგაც მოითხოვენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებას. მეორე ნაწილი, ასევე პროტესტით აპირებს, პირდაპირ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღება მოითხოვოს პარლამენტისგან. რომელი ნაწილი მიდის სწორი გზით?
– ბოლო 50 წლის მანძილზე ჰომოსექსუალიზმის 5 ეტაპი უნდა გამოვყოთ, მათ მიაღწიეს:
1) ჰომოსექსუალების მიმართ საკანონმდებლო დონეზე აკრძალულიყო მათი დასჯა;
2) ჰომოსექსუალიზმი ამოღებულიყო დაავადებათა სიიდან და წარმოჩენილიყო ბუნებრივ ნორმად; 3) უმცირესობის სტატუსისა და გარკვეულ საკანონმდებლო პრივილეგიების მიღება; 4) ჰომოსექსუალიზმი გათანაბრებულიყო უფლებებში (ე. წ. თანასწორობა), მათ შორის ქორწინებასა და ბავშვის აყვანის საკითხში. 5) ვინც არ ეთანხმება ჰომოსექსუალიზმს, როგორც ბუნებრივ ნორმას, მათი საზოგადოებიდან გარიყვას, ჰომოფობებად, ბნელებად და ჩამორჩენილებად წარმოჩენას, კანონმდებლობით დასჯას, სამსახურიდან დათხოვნას და ა. შ.
საქართველოში, ყოველ წელს ატარებენ ხან პრაიდებს, ხან ფესტივალებსა და კვირეულებს. ჯერ იყო მაისში, ბოლო წლებში გადმოიტანეს ივლისში. მუდივად აქვთ რაღაც სახის აქტივობები, რაზედაც საქართველოს მოსახლეობას აქვს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ახსენეთ და სამჯერ წარვადგინე პარლამენტში კანონპროექტი, რომ ამ კანონიდანაც და მთლიანად საკანონმდებლო სივრციდან მოვითხოვე ტერმინების „სექსუალური ორიენტაციის“ და გენდერული იდენტობის“ ამოღება. პირველად 2015 წელს, „ანტიდისკრიმონაციული კანონის“ მიღებიდან მალევე. შემდეგ 2016 წელს და ბოლოს 2018 წელს, როდესაც დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გაიტანა პარლამენტში ჩემი დაწერილი კანონპროექტი. ტელემედიას არ გაუმახვილებია ამაზე ყურადღება და მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა 2019 წელს, როდესაც 27 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ამ ტერმინების ამოღებას იმ პარლამენტში. მაშინ ეს მოვახერხეთ საზოგადოებასთან კომუნიკაციით მხოლოდ მე და ემზარ კვიციანმა. კარგი იქნებოდა, მაშინ გვერდით დაგვდგომოდა ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს აქტიურობს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმ კანონპროეტის განხილვისას დიდი აქცია, რომ მოწყობილიყო პარლამენტთან, დღეს ის კანონი იქნებოდა მიღებული, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველწლიურად სექსუალური უმცირესობის დევნას, ამ დაძაბულობის კერების შექნასა და საზოგადოებრივ შფოთს, უმჯობესია, ეს საკითხი დარეგულირდეს კანონმდებლობით. ეს ამ პრობლემის მოგვრების ერთი გზაა.
2021 წლის 5 ივლისს, ქაშვეთის ტაძარში გამობრძანდა მეუფე შიო, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საკანონმდებლო სივრცეში ამ პრობლემის დარეგულირება. მე დავწერე საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც უნდა მომხდრიყო შეკრებისა და მანიფესტაციების აკრძალვა. ოღონდ, არა მხოლოდ ჰომოსექსუალების მხრიდან, არამედ ზოგადად, სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ამ საკონსტიტუციო ცვლილების, დიდი პლუსი ის არის, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ რომელიმე ცალკეული ჯგუფის წინააღმდეგ ვმოქმედებთ და გვინდა, სექსუალურ ნაიდაგზე მათ აეკრძლოთ შეკრება და მანიფესტაციები. არა, ყველას ეკრძალება, ყველა თანაბარ მდგომარეობაში იქნება და ზოგადად მოხდება ამ საკითხის მოწესრიგება. დავძენ,რომ კონსტიტუციის 30–ე მუხლში გვაქვს ბავშვების დაცვაზე ჩანაწერი, ასევე ჩვენ მიღებული გვაქვს „ბავშვთა კოდექსი“, სადაც ბავშვთა ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცვაზეა საუბარი და აქედან გამომდინარე, ყველა შეკრება და მანიფესტაცია, რომელთა მიზანიც იქნებოდა სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირება, ბავშვების დაცვის მიზნით აკრძალული იქნებოდა კონსტიტუციით. თუმცა, არანაირი გამოხმაურება ამ საკითხს არ მოჰყოლია, არც სასულიერო და არც საერო მხრიდან. ჩვენი ორგანიზაცია მარტო ვერ გასწვდებოდა ამ საკითხს, რადგან 200 000 ხელმოწერაა საჭირო ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის და ეს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. თუმცა, მარტო ხელმოწერების შეგროვება და შეტანა არ არის, საზოგადოება უნდა იყოს მზად და უნდა იაქტიუროს, რომ შემდეგ პარლამენტმა ეს ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში.
– ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ მიიღებს პარლამენტი და კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებს ეკრძალებათ შეკრებები და მანიფესტაციებს ჩატარება საკუთარი სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირების მიზნით და ამით დამთავრდება ყველაფერი?
–რა თქმა უნდა. თუ ეს მოხდა, მერე უკვე თვითონ სახელმწიფო მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კანონი აღსრულდეს. ეს მეორე გზა და გარდა ამისა, არსებობს მესამე გზაც. მე როგორც ვიცი, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები, თუმცა კანონში ცვლილებების შეტანას, კონსტიტუციაში შეტანა ჯობია, რადგან კონსტიტუცია გაცილებით მაღალი სტანდარტია. ყველა კანონი კონსტიტუცისთან უნდა იყოს შესაბამისობაში. შესაბამისად, ის გაბნეული რაღაც საკითხები, რომლებიც „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ და სხვა კანონებშია, შესაბამისობაში მოვა საკონსტიტუციო ჩანაწერთან. ეს არის ყველაზე სწორი გზა.
30 წელია, ჩვენ ვერ გამოვედით იმ ურა–პატრიოტიზმისა და პოპულიზმის ეპოქიდან, სადაც ცივი გონებით კი არ ხდება საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, არამედ ცხელ გულზე ხდება მარტივი, პოპულისტური ფრაზების წამოსროლა და შემდეგ მასის აჟიტირება. ეს მარტო იმ საკითხს არ ეხება, რომელზედაც ვსუბრობთ. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი საზოგადოების სენი თუ მავნე ჩვევაა და მისგან უნდა გავთავისუფლდეთ, რადგან დღემდე ამას კარგი არაფერი მოუტანია ამ ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში ჰომოსექსუალიზმს არ ვგულისხმობ, ზოგადად, არის საკითხები, რომელთაც ნაჯახის ტიპის რეგულაციები კი არა სჭირდება, არამედ გონივრული რეგულაციებია საჭირო და „ოქროს შუალედის“ მოძებნა და ამას ვერ ვახერხებთ. მიდის პირდაპირ სრული კანონის გაუქმების, ან სრული აკრძალვის მოთხოვნა და ეს ბევრ საკითხში არ გამოგვადგება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, საზოგადოებას ასეთი მკვეთრი რეაქცია, რომ აქვს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე, ეს ბუნებრივია. თუმცა, ეს არის ჩვენი ჩინოვნიკების და გარკვეული საზოგადოების პრობლემა. მათ რომ საკითხი ასე დაეყენებინათ, რომ ჩვენი საზოგადოება ტრადიციული საზოგადოებაა და ამას არ მიიღებდა, მე დარწმუნებული ვარ, ბევრ პრობლემას ავირიდებდით. მხოლოდ ქვეყნის გარედან იძულებაზე და სხვისკენ თითის გაშვერა არასწორია. ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორია საუდის არაბეთი და თავში არავის აზრად არ მოუვა, რომ საუდის არაბეთს ეს ან მსგავსი რამ აიძულოს. რატომ? იმიტომ რომ იქ ამას არავინ დათანხმდება. ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენი საზოგადოების სისუსტეა. ოპოზიციამ შეიძლება მიიღოს ხელისუფლებაში მოსვლის დააპირება, გარკვეული ქმედებების, კონკრეტული კანონპროექტების მხარდაჭერის სანაცვლოდ. ჩვენს პოლიტიკურ წრეებში უნდა იყოს საერთო პოზიცია, რომ ჩვენი ხალხი არის ერთსულოვანი და ეს საკითხი ჩვენთან არ გავა. შესაბამისად, აქცენტები გადავიდოდა სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებზე და ამ ჯადოსნური წრიდან გამოვალთ. არადა, გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ჩვენს ქვეყანას, დაიცალა მთელი ქვეყანა, გასულია ხალხი და თთითქმის 700 ათასამდე ავიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებენ, მოსახლეობის ნახევარი ემიგრაციაზეა საშოვარზე, ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას და ეს საკითხი რომ აღარ დაექვემდებარება რევიზიას, მერე მოგვიწევს სხვა საკითხებზე გადართვა.
–თქვენ იყავით საკონსტიტუციო ცვლილების ავტორი, ქორწინების დეფინიციაზე, რითაც გამორიცხა სამომავლოდ ერთსქესიანთა ქორწინება. ახლაც რეალურია ამის ჩაწერა კონსტიტუციაში?
– საკონსტიტუციო ცვლილება 2015 წელს დავწერე და კონსტიტუციაში 2017 წელს ჩაიწერა, მანამდე ამისთვის დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ჩაწერილიყო, თანამოაზრეებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად 2016 წელს 240 000 ხელმოწერა შევაგროვეთ და რეფერენდუმს ვითხოვდით, იმდენად აიწია თემამ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ პირობა დადო, რომ კონსტიტუციაში ჩაწერდა, დანაპირები კი ერთი წლის შემდეგ, 2017 წელს შეასრულა. თუ ხალხის მოთხოვნა იქნება, ხელისუფლება ხალხის ნებას დაჰყვება.
P.S. სამართლიანობა მოითხოვს, მკითხველს შევახსენოთ იმ 27 დეპუტატების ვინაობა, რომელთაც „ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ ტერმინების „სექსუალური ორიანტაცია“ და „გენდერული თანასწორობა“ ამოღებას დაუჭირეს მხარი: რევაზ არველაძე,გრიგოლ მიქელაძე,გიორგი მოსიძე,თამაზ ნავერიანი,ილია ნაკაშიძე, ზაზა პაპუაშვილი,გია ჟორჟოლიანი,ერეკლე ტრიპოლსკი,გედევან ფოფხაძე, მირიან წიკლაური, გივი ჭიჭინაძე,შოთა ხაბარელი,ბიძინა გეგიძე,გოჩა ენუქიძე, ალექსანდრე ერქვანია, მუხრან ვახტანგაძე, ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი,კობა კობალაძე, კარლო კოპალიანი, გიორგი ლომია,კობა ლურსმანაშვილი,გენადი მარგველაშვილი, ადა მარშანია, არჩილ ხაბაძე, ლერი ხაბელოვი, ზაზა ხუციშვილი.
კომენტარები