საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“სოციალურ ქსელში უკვე მეთხუთმეტეჯერ თუ მეოცეჯერ შემხვდა ამონარიდი “მთვარის მოტაცების” ტექსტიდან, რომელშიც თარაშ ემხვარი ევროპელების ეგოიზმზე ესაუბრება შერვაშიძეების გერმანელ რძალს, კაროლინას. მასში მაგალითად ასეთი რამაა თქმული: “თქვენ (ევროპელებს) ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები….”
თვითონ ნაწარმოების კონტექსტიდან თუ ამოვალთ, ამაში არაფერი იქნება გასაკვირი: თარაში მამამისმა, ჯამსუღ ემხვარმა წაიყვანა პირველი რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში. ორივე, თარაში და მამამისი, არზაყან-დიმიტრი ემხვარს განასახიერებენ, აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს 1919-1921 წლებში, საქართველოს დიდ პატრიოტს, ვინც ლევილის სასაფლაოზე განისვენებს. ნაწარმოებშიც ასეა – ჯამსუღი პარიზში კვდება და იქვე დაკრძალავენ. რა გასაკვირია მათ გაეკრიტიკებინათ ევროპა, რომელმაც იარაღი საერთოდ არ მიაწოდა გასაჭირში ჩავარდნილ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, ხოლო გამარჯვებული ანტანტის ლიდერებმა ვერ მონახეს ძალა, კავკასიაში წინ აღდგომოდნენ რუსულ-ბოლშევიკური ურდოების შემოსევას.
მაგრამ ამ კრიტიკის მიუხედავად არც “მთვარის მოტაცების” ავტორი და არც თარაში ევროპულობის მტრები არასოდეს ყოფილან. საკუთარი პოლიტიკა და სხვასთან დამოკიდებულება თავად ევროპელებსაც მწვავედ გაუკრიტიკებიათ, ხოლო თვითრეფლექსია და თვითკრიტიკაც თვითირონიასთან ერთად ცივილიზებულობის ნიშანია. რომ არა ეს, ევროპული ცივილიზაცია ვერ მიაღწევდა იმ დონეს, რა დონესაც მიაღწია.
ისიცაა, რომ ამ რომანის დაწერისას (მე-20 საუკუნის 30-იანები) ეპოქის კონტექსტი სხვა იყო – კოლონიალიზმი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. დეკოლონიზაციის საკითხი მალევე დადგა დღის წესრიგში. ყველაზე შორსმჭვრეტელნი ევროპაში მაშინვე ხედავდნენ, რომ კოლონიალიზმს მძიმე შედეგები მოყვება. ისე ჩანდა, რომ ყველაზე რთული განთავისუფლებული კოლონიების ეკონომიკური მდგომარეობის მოგვარება იქნებოდა. თუნდაც დღევანდელი ლტოლვილთა უწყვეტი ნაკადებია ამის შედეგი.
დასავლეთი შედარებით გამოფხიზლებულია დღეს, თუკი გასული საუკუნის 20-იან წლებს ან 2000-იანების დასაწყისს შევადარებთ. ცხადია, პრობლემა კვლავ ბევრია ჯერჯერობით ყველაზე დადებით და მოწინავე სამყაროშიც. გავიხსენოთ ჩერჩილი დემოკრატიაზე რას წერდა:….. It‘s a worst form of government except all those other forms, that have been tried from time to time, მმართველობის ყველაზე უარესი ფორმააო, მასზე უფრო ცუდებს თუ არ ჩავთვლითო. და რას იტყოდა იგივე ემხვარი რუსეთი, ირანი, ბელარუსი, სირია, ვენესუელა ან ჩრდილოეთ კორეა რომ ენახა, კიდევ სხვა საკითხია. ანუ ეს კრიტიკა ცივილიზაციური არჩევნის ფარგლებში რჩება.”
კომენტარები