10 შვილის მამა, შალვა ტაბატაძე, იუმორისტულ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:
“გუშინ ახალი დაბინდებული იყო, შალვაო, გარედან დაიძახა ვიღაცამ. ყურები ახალი გამოწმენდილი მქონდა და ადვილად გავიგე. რომ გავედი, 4 უცხო მამაკაცი იდგა ჩემი ეზოს კარებთან. ორი ჩაცუცქული იყო, ერთი ფეხზე იდგა (ცალი ფეხი ჰქონდა), მეოთხე კი არ ჩანდა.
– ჩვენო_ დაიწყო ერთმა ჩახლეჩილი ხმით- ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები ვართ და ფასებს რაზე გვიგდებ, ბი-ჭო-ო?_ თან სათვალის ქვემოდან ამომხედა. მალევე საწუწაო წყლის თოფი ამოიღო და გადატენა.
-ცოლ-შვილს მშიერს გვიტოვებ, შე ჩარჩოო?– მკითხა მეორემ გამყინავი ხმით.
– ფასები დაარეგულირე, ძმაო, თორემ კოჭებს დაგიხვრიტავთ, ჩემი კაიო_ დაუნდობელი ხმის ტემბრით მითხრა მესამემ და ბადმინტონის ჩოგანი ამოაძვრინა პლაშის უბიდან.
გადავხედე, გადმოვხედე და ბავშვებს შევძახე შიგნით:,, რომელიმემ ჩემი სალარო აპარატი გამომიტანეთ, ამათ სულ ჩეკები უნდა ამოვურტყა-მეთქი”_და ამის გაგონებაზე ორივე ჩაცუცქული წამოდგა, ის ფეხზე რომ იდგა, ეგ კი ღობეს მიეყუდა.
-დღგ-ს თუ იხდი, ბი-ჭო-ო?_ დამიძაბა ცალფეხამ.
– საშემოსავლოსო? -მკითხა პირველმა ორფეხამ.
მივხვდი, კითხვებს დამაყრიდნენ და ამიტომ ხერხს მივმართე: ,,სანამ ჩემი ბუღალტერი არ მოვა, მანამდე დუმილის უფლებას ვიყენებ-მეთქი.”
ამას არ მოელოდნენ და უკმაყოფილო ხმით მითხრეს: ,, ფაზლებს ვისგან იღებ, პირველი ხელისგან თუ მეორესგანო?”
ვდუმდი.
– საცურაო აუზებს ვეღარ ვყიდით, შენი ბრალია ფასებს რომ გვიგდებ! ორი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ერთი პატარა კამერა გავყიდეო.
-ფასებსაც დაგიგდებთ და წიხლქვეშაც გაგიგდებთ-მეთქი_ ვუთხარი და სახე დავძაბე. დავძაბე თუ არა ყელის ძარღვი დამებერა და ცოტა შეშინდნენ მოწინაღმდეგეები.
– მოკლედ, ჩვენ წავედით და ერთი თხოვნა მაინც შეგვისრულე, ძმაო-ჯან, _ შერბილებული ტონით მითხრა მეორე ორფეხამ_ გაზიარებები მაინც გამოურთე ფეისბუქის სტატუსებს, შენმა მეგობრებმა რომ აღარ გააზიარონ, თორემ ჩეკის ფულსაც ვეღარ ვიხდით, მთელი დღე ტყუილად ვდგავართ დახლთან, ისეთ დღეში ვართ, რაც შენ ონლაინ დაიწყე მუშაობაო. _თქვა ეს და თვალებზე ცრემლი მოადგა.
-გზის ფულიც კი არ გვქონდა აქამდე რომ მოვსულიყავით, მეხაჭაპურე ნათელას გამოვართვით ხვალ დილამდეო, – ამოიზლუქუნა ცალფეხამ და მეორე ფეხი მოიფხანა.
შემეცოდნენ, მაქსიმის ტაქსი გამოვუძახე და მარნეულამდე ჩემი ხარჯით გავუშვი.
კონკურენცია მუხთალი რამაა.”
კომენტარები