გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, ბიოლოგი, ნინო ჩხობაძე პირველ არხთან ისაუბრა იმაზე, რამდენად მაღალია საქართველომდე მავნე ნივთიერებების, მძიმე მეტალებისა და ტოქსინების მოღწევის საფრთხე კახოვკის კაშხლის დანგრევის შემდეგ და თქვა:
„ამაზე არა მარტო ზეპირსიტყვიერად ვსაუბრობთ, არამედ ამას ანალიზებიც უჩვენებს, რომ ზღვა სუფთაა ჩვენ სანაპიროზე. ჩვენამდე შეიძლება, საერთოდ არ მოვიდეს დაბინძურება, რადგან მან უნდა გაიაროს დინებით თურქეთის სანაპირო და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, მოაღწიოს რამემ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ის ვერ შევა“.
შეკითხვაზე, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ დიდი ოდენობით ჩადენილმა მტკნარმა წყალმა შავ ზღვაში მარილიანობის მაჩვენებელი შეამცირა, ნინო ჩხობაძემ განაცხადა, რომ დნეპრი ყოველთვის ჩაედინებოდა შავ ზღვაში, ისევე, როგორც ბევრი სხვა მდინარე და იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე შეიძლებოდა, დიდი ნაკადის შედეგად მარილიანობა ოდნავ დაცემულიყო, მაგრამ შემდგომში ზღვა ყოველთვის აღადგენს მარილიანობას და ეს სტაბილური მარილიანობაა.
„ასე რომ, ვიყოთ მშვიდად. ზოგჯერ აღშფოთებული ვარ, როცა მოსახლეობა ამბობს, თითქოს რადიაციული დაბინძურებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ყოფილა და საერთოდ არ მომხდარა არანაირი რადიაციული წყაროს გაჟონვა. ასე რომ, ეს ზედმეტი მღელვარება და რაღაც ჭორების გავრცელებაა. რადიაციული დაბინძურება საერთოდ არ ფიქსირდება იმ ზონაშიც კი, სადაც ტრაგედია მოხდა. ასე რომ, აქ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არაფერი არ მოხდა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ფედერაციამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იარაღად გამოიყენოს, როგორც კახოვკა გამოიყენა. მაშინ უკვე ნამდვილად ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდება“, – განაცხადა ჩხობაძემ.
მისი თქმით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ზღვის წყლის მონიტორინგი გააძლიერა, რაც ძალიან კარგია. მეორე მხრივ, აჭარის მთლიან სანაპიროზე ბაქტერიოლოგიური შეფასება ხორციელდება, კონტროლდება ფოთის აკვატორია და კარგი იქნება, თუ ზუგდიდი და გურიაც დაუკავშირდება ფოთის ლაბორატორიას, რომელსაც ამის შესაძლებლობა აქვს და ასე გურია-სამეგრელოს აკვატორიებიც შემოწმდება.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მკვდარი ცხოველების გამორიყვის ფაქტი კახოვკის ჰესის წყალსადენის აფეთქებას უკავშირდებოდეს, ჩხობაძემ განაცხადა:.
„დამხრჩვალ ქათმებს, ღორებს და სხვა რაღაცას უნდა ველოდოთ, რომ იქნება ჩამოტანილი მდინარეების მიერ, მაგრამ ზღვისთვის ესეც კი არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ, რომ ზღვა ასეთ რაღაცებს კარგად უვლის“
კომენტარები