ფილოლოგი გია მურღულია:
,,ერთხელ, სტუდენტობისას, მე და ჩემი ორი მეგობარი ბაკურიანში წავედით. ჩასვლისას (საღამო ხანი იყო) სწრაფადვე ბინა ვერ ვიშოვეთ და ერთმა ღვთისნიერმა ოჯახმა შეგვიფარა.
ხანდაზმულმა მასპინძელმა მცირე სუფრა გაგვიშალა და თავადვე წარმოთქვა რამდენიმე სადღეგრძელო.
თუ იცით, ადამიანს შვილი რატომ უყვარსო? – გვკითხა.
ჩვენ რაღაცები ვთქვით, იმან კი ასე გვითხრა:
პასუხი მარტივია – როდესაც შვილი შეგეძინება, რწმუნდები, რომ შენს სიცოცხლეს გაგრძელება აქვს და ეს ყოფნის გაგრძელების იმედით გავსებს. შენი შვილი არის “სხვა”, რომელიც ხარ შენც.
მერე გვკითხა:
ის თუ იცით თქვენ, შვილიშვილი რატომ უყვარს ადამიანს ასე ძლიერად და დაუბოლოებლად?
მაინცდამაინც ვერაფერი ვთქვით.
იმან კი გვითხრა:
როდესაც შვილიშვილი შეგეძინება, ნათლად დაინახავ, რომ მარტო შენ კი არა, შენი შვილიც არ არის უნაყოფო და უკვდავების შეგრძნება გეუფლება.
ამ დროს ხვდები, რომ სიტყვა “მე” დაუსრულებელია და საზღვარი არ აქვს.
ერთი უბრალო კაცი იყო და ეს სიტყვები 50 წლის წინ გვითხრა, მაგრამ დღემდე მახსოვს და ამ დილასაც შემახსენა თავი.
მისი ხმაც მახსოვს, მეტყველების სიმშვიდეც და ის პატარა ოთახიც, რომელშიც ზამთრის სუსხიან დღეს ბუხრის ცეცხლი და ადამიანური გულითადობა გვათბობდა.
იცით, რატომ შეიძლება უცბად შეგიყვარდეს უცნობი ადამიანი? – წამისად იგრძნობ, რომ იმ კაცით ანგელოზი გელაპარაკება.”
კომენტარები