LGBTI Intergroup-ის წევრი ექვსი ევროპარლამენტარი „ალტ-ინფოს“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას სანქცირების მოწოდებით გამოდის.
LGBTI Intergroup არის ლგბტი ადამიანების უფლებების დამცველი, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფთაშორისი გაერთიანება, რომელიც მოიცავს 157 დეპუტატს ევროპარლამენტის თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან.
ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ვიცე-პრეზიდენტები წერილით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ ვერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარ ელენა დალის. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ 8 ივლისის პრაიდის ფესტივალის დახურული ღონისძიების ჩაშლის გამო და აცხადებენ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და შეშფოთებაა გამოთქმული მზარდი ჰომოფობიური რიტორიკის გამო.
„მოგიწოდებთ, გადადგათ ყველა საჭირო ნაბიჯი ჰომოფობიური თავდასხმების უმკაცრესად დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და ამ ჯგუფის უკან მყოფი ოლიგარქის კონსტანტინე მორგოშიას მიმართ“, — ნათქვამია წერილში.
კომენტარები