პრობაციიდან კინოში გადასული დირექტორის კაბინეტთან ახლაც ხმაურია. დღეს იქ კინოცენტრის ახალ თანამშრომლებს ძველები პროტესტით დახვდნენ. შენობაში მუსიკა კინოფილმებიდან და ხელების ბრახუნია, ისმის შეძახილებიც “არა ცენზურას”.
კინომცოდნე, ლევან აბდუშელაშვილი:
“ის, რაც ხდება უკვე ვხვდებით, რომ არანაირ დემოკრატიულ პროცესებთან არ არის ბმაში. კულტურის სამინისტროდან გადმოჰყავთ სტაჟიორი თანამშრომლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ არიან კინემატოგრაფისტები. ესენი არიან იურისტები, აუდიტები. ეს არის მინისტრის ხელით გამართული არაფორმალური მმართველი.”
ნინუკა ქოიავა, კინოდოკუმენტალისტი:
“რეფორმები ამას არ ჰქვია, ამას უფრო რეპრესიები ჰქვია და ყველანაირი მეთოდით, რომელიც გამოგვიყენებია ან მოვიფიქრებთ გამოვიყენებთ. სანამ ცოცხლები ვართ, ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ.”
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები წულუკიანის პირადი კადრისგან კინოცენტრის შენობის გათავისუფლებას და ხელოვანებზე გამოცხადებული ნადირობის შეწყვეტას ითხოვენ.
კომენტარები