ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება იურისტი, ვალერი გელბახიანი.
–ბატონო ვალერი, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელ ექიმთა ჯგუფი იყო შესული და ერთ–ერთმა მათგანმა, არტურ ზაჩინსკიმ, კლინიკა „ვივამედიდან“სააკაშვილის თმებისა და ფრჩხილების ნიმუში ფეხსაცმელში დამალა და ისე სცადა გამოტანა. ექიმი გაჩხრიკეს და ნიმუშები ამოიღეს. მიუხედავად მისი განმარტებისა, რომ ყველაფერს ფეხსაცმლით ატარებს, ამან ხელისუფლებას ნოყიერი საფუძველი მისცა ეთქვა, რომ ზაჩინსკის ფეხსაცმლით, ფარულად სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების გატანა, შემდგომში ექსპერტიზაზე გაყალბების მიზნით გაჰქონდა.
– რაც თქვენ ნახეთ, მეც ის ვნახე, მანდ სკანდალური არაფერია, ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიამ გაასკანდალა ეს ამბავი. ექიმთა ეს ჯგუფი ჩამოვიდა არა პოლონეთის, არამედ ევროკავშირის სახელით–ევროკავშირის სამედიცინო მისია იყო. ამ ჯგუფის მიერ დაწერილი დასკვნა იქნება საბოლოო დასკვნა, რომელიც მერე აღარც სტრასბურგს დაექვემდებარება და აღარც საქართველოს მთავრობის შეფასებებს. რასაც ეს ექსპერტთა ჯგუფი დაწერს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის მინისტრთა კომიტეტი და ევროპის პარლამენტი. შესაბამისად, მას ექნება საბოლოო დასკვნის ძალა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, წინასწარ შეექმნა ისეთი ფონი, რომ გააეუფასურებინათ, გაენულებინათ, დაეკნინებინათ დასკვნა, რომელიც დაიწერება. ამიტომ ატეხეს სკანდალი, რომ ვიღაცას რაღაცის გაყალბება უნდოდა. ოფიციალური ნიმუშები ხომ მიჰქონდათ ამ ექიმებს და ვის რად უნდოდა რაიმე გაეყალბებინა? მერე მეორე. თუ სკანდალი არ უნდოდათ,„ვივამედში“, სააკაშვილის პალატაში დამონტაჟებულია ოთხი ვიდეოთვალი, რომელსაც 24 საათიან რეჟიმში, ვიდეომონიტორზე ლაივში უყურებენ კლინიკის დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ოთხივეზე ჩანს, ვინ რას იდებს ჯიბეში, ფეხსაცმელში თუ ხელჩანთაში. თუ დაინახეს, რომ იმ ექიმმა ფეხსაცმელში რაღაც ჩაიდო, უნდა შესულიყვნენ პალატაში და ეთქვათ, რომ პროტოკოლი არ ითვალისწინებს, ამ შემთხვევაში, პაციენტის საკვლევი ნიმუშების ფეხსაცმელში ჩადებას და ისე გატანას და ჩაიდეთ ჯიბეშიო. თუ გასკანდალება არ უნდოდათ, ეს რატომ არ გააკეთეს და არ მიიღეს პრევენციული ზომები?!. მერე მესამე. იქნებ პოლონელ ექიმს ეჭვი ეპარებოდა, რომ მას ნამდვილი კი არა, შეცვლილი ნიმუშები გადასცეს და გადაწყვიტა ნამდვილი ნიმუშების ფეხსაცმლით გატანა. ეს რას ნიშნავს, იცით? შეიძლება ადამიანს აუღონ ნიმუში, შენს თვალწინ დალუქონ, მაგრამ საკმარისია ერთი წამით ყურადღება მოადუნო და სხვისი, ჯანმრთელი კაცის ნიმუშები გადმოგცენ. მერე წაიღებ ექსპერტიზაზე ამ ჯანმრთელი კაცის ნიმუშებს და გეტყვიან, რომ არაფერი სჭირს, რკინასავით ჯანმრთელია. ამიტომ,როგორც ჩანს, პოლონელმა ექიმმა თავად აიღო სააკაშვილის საკვლევი ნიმუშები და წამოიღო. ამით ნიმუშების შესაძლო გაყალბება დააზღვია, რომ ობიექტური დასკვნა დაწერილიყო და არა თავად შეეყვანა შეცდომაში ექსპერტიზა და ყალბი დასკვნის დადებაში შეეწყო ხელი. ეს არ დაუშვა ხელისულებამ. გაიხსენეთ, აქამდე რამდენი უცხოელი ექიმი ჩამოვიდა და ვინც შეუშვეს სააკაშვილთან, არც ერთს არ მისცეს პირადად კვლევის ნიმუშები. ყველას ეუბნებოდნენ, ჩვენ თვითონ შევაფასებთ და დასკვნასაც ჩვენ დავწერთო.
–ფაქტია, რომ პოლონელმა ექიმმა საკვლევი ნიმუშების ფეხსაცმელით გატანის მცდელობით, მთელ პროცესს დაარტყა და პოლონელ ექიმთა ჯგუფის რეპუტაცია, სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
–ეს ფაქტი, რომ არ მომხდარიყო, დარმუნებული ვარ მაინც რაღაცას გამოიგონებდნენ, რომ ექიმთა ამ გჯუფის დისკრედიტაცია მოეხდინათ.
–დავით არახამიამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომ დაიწყონ გამოძიება, სააკაშვილის მკლელობის მომზადების საქმეზე. ხელისუფლება და მისი მომხრეები აცხადებენ,რომ არახამია საქართველოს საშინაო საქმეებში ერევა. დავუშვათ უკრაინულმა მხარემ გამოიძია ეს საქმე, დადო დასკვნა, რომ სააკაშვილს კლავენ საქართველოში. რა ფასი ექნება ამ დასკვნას?
–თუ უკრაინაში ეს საქმე გამოიძიეს და დასკვნაში ჩაიწერა, რომ სააკაშვილის მკლელობას ამზადებს ხელისუფლება, ეს საქმე მერე აღარ ჩაივლის ასე უბრალოდ, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. დაიბარებენ უკრაინაში დასაკითხად იმ პირებს, ვისაც შემხებლობა ჰქონდა სააკაშვილის საქმესთან, მისი მკლელობის მომზადებასთან– სასჯელაღსრულების სამსახურის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ექიმებს და ზოგს ბრალდებულად, ზოგს მოწმედ დაიბარებენ დასაკითხად და დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ ჩავა უკრაინაში. მერე, ამ ხალხზე ძებნა გამოცხადდება და მათ შორის, ზოგიერთებზე ინტერპოლითაც. არახამიამ კარგად იცის, რასაც ამბობს და აკეთებს. დავით არახამია არის უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე უკრაინის რადაში. სააკაშვილი არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, არამედ დღესაც არის უკრაინის მთავრობის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარე. სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის გუნდის წევრია და როგორ არის არახამიას ეს განცხადება, ან სააკაშვილის მხარდამჭერი სხვა განცხადებები და ქმედებები საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა? უკრაინის რადას დეპუტატი იცავს უკრაინის მთავრობის წარომადგენელს. დაუკვირდით, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და არასდროს არ ხსენებენ, რომ ის უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდის წევრია და ქვეყანაში რეფორმების გატარება ჩააბარა ამ პრეზიდენტმა. ამით ვითომ აკნინებენ სააკაშვილს. მერე, არახამიაზე აქცენტი იმაზე კეთდება, რომ ქართული არ იცის. ბავშვი იყო არახამია, როდესაც მისი ოჯახი 1992 წელს, აფხაზეთიდან უკრაინაში გაექცა ომს. უკრაინაში გაიზარდა, იქ დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტი და დიდი ამბავი, თუ არ იცის ქართული. აფხაზეთის ომის ათასობით დევნილმა უკრაინასა და რუსეთში არ იციან ქართული და რაღა არახმიასთვის არის ეს სირცხვილი? ხელისუფლების ბევრი მხარდამჭერია რუსეთში, რომლებიც სრულწლოვანები იყვნენ, აფხაზეთის ომს რომ გაექცნენ და არც იციან ქართული, რუსულად ლაპარაკობენ და მათზეც თქვან რა, რამდენიმე სიტყვა. მერე, ცოტა უხერხულია იმ ხელისუფლების მხრიდან არახამიას ქართულის არცოდნაზე აქცენტის გაკეთება, როდესაც საქართველოს ათეულ ათასობით მოქალაქემ არ იცის ქართული, რეგიონები გვაქვს, სადაც უამრავ სოფელში ქართული სკოლები არ არსებობს და სახელმწიფო უწყებებში საქმისწარმოება რუსულად მიმდინარეობს. ეს ოდიოზური ხალხი სირცხვილის ისტორიას ქმნის. დავით არახამია უკრაინაში იმ რუსეთს ებრძვის, რომელმაც მისი ოჯახი გამოაგდო აფხაზეთიდან, მისი ნათესავები დახოცა. ესენი კი იმ რუსეთს, ვაზელინწასმულები ერთ ადგილას უძვრებიან, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი წაგვართვა და დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, რომელმაც უამრავი მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლება ჩაგვიხოცა ორივე ომში…
–ბატონო ვალერი, უკვე ბევრი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, საქართველო ბელარუსის მსგავს ტოტალიტარულ სახელმწიფოდ იქცეს. მათ შორის ბევრია ისეთი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამას გამორიცხავდნენ – ამას ვერ მოახერხებს ჩვენი ხელისუფლება, ქართველი ხალხი ტოტალიტარულ მმართველობას არ შეეგუებაო. რა მოხდება?
– ვერა, ნამდვილად ვერ მოახერხებს ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ბელარუსის აშენებას. ბელარუსში ნახევრზე მეტი ეთნიკური რუსი ცხოვრობს. იქ არ არის პატრიტიზმი და სამშობლოს განცდა, რომ ბელარუსები არიან. ბელარუსის მოსახლეობისთვის სამშობლო რუსეთია, რუსეთის ვასალობის გარეშე ბელარუსებს ცხოვრება და არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. ჩვენ სრულიად სხვა ცხოვრება, სხვა ცნობიერება, სხვა ისტორიული მეხსიერება გვაქვს. შეუძლებელია, საქართველო სხვა ქვეყნად იქცეს. ერთი ქართველიც რომ დარჩეს, ისიც წინააღმდეგობას გაუწევს საქართველოს გაბელარუსების მცდელობას. სიტყვიერად, ფიზიკურად, იარაღით, ყველანაირად მოხდება ამ წინააღმდეგობის გაწევა. ვისაც ამის იმედი აქვს, ილუზიებში არიან. მერე პარტიზანი მივა, სახლში ბომბს შეუგდებს, მოკლავს, ოჯახის წევრებს დაუხოცავს და ის პარტიზანი იქნება გმირი, ესენი იქნებიან კრიმინალები. ეს არ მოხდება საქართველოში, ტოტალიტარიზმს ვერავინ დაამყარებს ამ ქვეყანაში.
–მე კი არ მინდა, ეს მოხდეს, მაგრამ ხელისუფლებას უკვე ხელთ აქვს ბარკეტები, რომელთაც აქეთკენ მივყავართ–ძალოვანების, ფინანსების, ბიუროკრატიის, ბიზნების სრული კონტროლი სახეზეა. გაღარიბებული და დაბეჩავებული მოსახლეობა, რომელიც ლუკმა–პურის შოვნაზეა გადაგებული და საკუთარი უფლებები არ აინტერესებს. ასევე, ნაყიდი ჰყავთ პოლიტიკური პარტიებისა და სახალხო მოძრაობების დიდი ნაწილი. გარდა ამისა, ქვეყნიდან ინტელექტუალური, მებრძოლი, მშრომელი ძალა გაედინება და ესეც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს– მისთვის წინააღმდეგობის გამწევი რაც ნაკლები ხალხი დარჩება ქვეყანაში, მისთვის უკეთესი, საკუთარ გეგმებს უფრო უპრობლემოდ შეასრულებს.
–ეგ წნეხები იწვევს უკურეაქციას. დესპოტიზმში, შიშსა და ძალდობაში შეუძლებელია ხალხმა დიდხანს გასძლოს და ამის ბევრი მაგალითი გვქვს. მხოლოდ ამ საუკუნის მაგალითებიც კმარა, როცა ერთმანეთის მიყოლებით დაემხო დიქტატორული რეჟიმები სხვა და სხვა ქვეყნებში. 5 წლით ადრე დასრულდება ეს რეჟიმი თუ გვიან, ეს ისტორიისთვის არაფერია, ჩვენ გვეჩქარება მისი დასასრული.
–პროცესების დაკვირვების შედეგად იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბოლოს ამ ხელისუფლებას ხალხი დაასრულებს, პოლიტიკური პარტიების იმედად მტერი იყოს. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
–ეგეც ჯერჯერობით, გამოცანის რეჟიმშია. პოლიტიკური პარტიების დამსახურება იქნება თუ არა ამ ხელისუფლების შეცვლაში, ეს საკითხავია. აქ საერთაშორისო მასშტაბის მოვლენების ფონზე ვითარდება პოლიტიკური და სხვა პროცესები და ამ მოვლენების მიმართულებები და შედეგები შესძლოა, ისეთი იყოს, აქ რომელიმე პოლიტიკური პარტია რას გააფხაკუნებს, ეს არაფერს შეცვლის. მთავარია საერთაშორისო ასპარეზზე რა მოხდება, როგორი იქნება ძალთა გადანაწილება. დღეს ისეთი რამ ხდება მსოფლიოში, რომლის მსგავსი პროცესებიც არ ყოფილა. შესაბამისად, ნურავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება თუნდაც ერთ წელიწადში, ამას აზრი არ აქვს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც კი არ იცის, რა მოხდება ახლო მომავალში.
კომენტარები