დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე, კვირის პალიტრასთან, ამბობს:
ამწუთას 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.
მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს… დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს – გარუჯული გოგონები.
სოლარიუმი ძალიან ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ბევრგან არასრულწლოვნები არ დაიშვებიან, ჩვენთან კი აკრძალული არაა. მე არ მიმაჩნია სწორად სოლარიუმში გარუჯვა. მნიშვნელობა არა აქვს, კვირაში ერთხელაც რომ მივიდეთ არასასიკეთო გავლენას მაინც ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მართალია, შედარებით ნაკლებად იწვებიან სოლარიუმში, ვიდრე მზეზე, მაგრამ დამწვრობის შემთხვევები მაინც გვაქვს.
უცხოეთში პლაჟზე ვერ ნახავთ ვერავის მზისგან დამცავი კრემის გარეშე. სასურველია ორ საათში ერთხელ მთელ სხეულზე წასმა, მით უმეტეს, თუ წყალში ხშირად ჩავდივართ. უცხოეთში მზისგულზე ბავშვს ვერ დაინახავთ, თუ ქუდი არ ახურავს და მაქსიმალურად დახურული საცურაო კოსტიუმი არ აცვია, ჩვენთან კი პირიქით არის. ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ.
მზეზე დამწვრობა ისეთი დაზიანებაა, არაფერიც რომ არ წავისვათ, ორგანიზმს აქვს იმის რესურსი, რომ (თუ არ მოხდა დაინფიცირება) თავისით შეხორცდეს. ამიტომ საერთოდ რომ არაფერი წაგვესვა, თავისითაც მოშუშდებოდა დამწვრობა. თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება, მზეზე დამწვრობას ახლავს გართულებები, ინფექციები…
ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან ბევრი დაავადების დროს მზეზე გასვლა აკრძალულია. გარდა ამისა, ხშირად გარუჯვა იწვევს ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების წარმოშობას, კანის გამოშრობას და ა.შ. ერთ კონფერენციაზე გვაჩვენეს ცხელ ქვეყანაში მცხოვრები მძღოლის სახის ის ნახევარი, რომელიც ხშირად ხვდებოდა მზეზე, როგორ განსხვავდებოდა მეორე ნახევრისგან, ნაადრევად ჰქონდა დაბერებული. ისეთი შთამბეჭდავი ფოტო იყო, ახლაც თვალწინ მიდგას.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს… რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.
5 საათის შემდეგ მზე შედარებით უსაფრთხოა, დილით კი 11 საათამდე უნდა გავიდეთ. თვალებიც ხშირად ზიანდება მზეზე ყოფნისას და კარგი იქნება ხარისხიანი სათვალე მოიხმაროთ. ბევრს ჰგონია, ქოლგის ქვეშ არ ირუჯება, მაგრამ ასე არაა. თუ მაინცდამაინც საფუძვლიანად გარუჯვა გვინდა, პირველი 2 გასვლაა საფრთხილო. ამ დროს მცირე დოზით უნდა ვიყოთ მზეზე და მხარი ხშირად ვიცვალოთ.
მზეზე ყოფნისას ორგანიზმში ენდორფინი გამოიყოფა და ამიტომაც გარუჯვის პროცესი სიამოვნებასთან არის დაკავშირებული.
კომენტარები