ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოთხფეხა მეგობარი მოუკვდა, სოციალურ ქსელში წერს:
,,ჩემს მაუს
(და ყველა ძაღლს და პატრონს)
გამიგონია, ცისარტყელაზე დამელოდები, ჩემო კეთილო…
მანამდე?.. რა ვქნა?.. ამხელა კაცი ასე ბავშვივით გამოგეტირო?
.
როგორც შენ თვითონ მეტირებოდი მუდამ სახლიდან ჩემი გასვლისას,
სულ გპირდებოდი, რომ მალე მოვალ… და ვასრულებდი… ახლა რას ვიზამ?
.
ვიძახო შენი სახელი დიდხანს? იქნებ შორსა ხარ და გაგაგონო,
პასუხად ყეფით გამაგებინო – მეძებ? აქა ვარ ჩემო პატრონო…
.
იქნებ ავდგე და კვლავ შენს ძებნაში შემოვიარო უბნის ქუჩები,
სად გამექეცი? სად დამიმალე თბილი თათები, სველი დრუნჩები?
.
შემხვდება ვინმე – ძაღლი დაკარგე? ცრემლს დაინახავს, ფიქრობს – ვერ არი…
როგორ მინდა რომ ისევ გიპოვო, შინ დაგაბრუნო… მოუსვენარი…
.
ცოდოა ძაღლი, უპატრონოდო, სჯობს ადრე მოკვდეს, ვიდრე პატრონი…
არადა, თურმე სწორედ უთქვენოდ, ჩვენ, პატრონები ვრჩებით მარტონი.
.
კარგ მეგობარზე უფრო ერთგულო, ჭკვიან თვალებით თითქოს მიყურებ,
წვიმს… სახლში არ ხარ, თუმცა სამარე ალუბლის ჩრდილით გადაგიხურე,
.
დღეიდან უნდა ყველა წვიმას და მზის ცისარტყელას გამოვეტირო,
რადგან ვიცი, რომ იქ მელოდები… მანამდე?.. რა ვქნა?.. ჩემო კეთილო…
2023. ივლისი.”
კომენტარები