შოვში სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციები სამსახურის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სავარაუდოდ ადგილზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს, თუმცა, არ მუშაობს არც ერთი ვერტმფრენი, შესაბამისად, ადამიანები ვერ გამოჰყავთ და გადაჰყავთ მაქსიმალურად უსაფრთხო ლოკაციებში, სადაც ღამის გატარება მოუწევთ.
ამ დრომდე ვერ ახერხებენ დაკავშირებას ახლობლები ოჯახის წევრებთან, რომლებიც დღეს მთელი დღეა კონტაქტზე არ გამოდიან. სავარაუდოდ სტიქიის ზონაში 50-მდე ადამიანი იმყოფება.
ამ ინფორმაციას “იმედთან” ადასტურებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი
„ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას.
მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.
ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, ვერტმფრენების დახმარებით რამდენიმე საათის წინ 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს. დაღამებისთანავე ავიაციამ მუშაობა შეწყვიტა. ამ დროისათვის სტიქიის ზონაში მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.
კომენტარები