საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მერაბ გამყრელიძე, იმედის ეთერში, შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, ამბობს:
“დაახლოებით სამ მილიონ კუბამდე მასაა ჩამოსული. იქ ტექნიკა მუშაობს ორი ერთეული სამწუხაროდ, იმიტომ, რომ მეტი შეუძლებელია. ცდილობენ გზის გაწმენდას, რომ მივიდეთ ე.წ. კოტეჯებამდე, რადგან იქ მეტი შანსია, რომ დაკარგული მოქალაქეები იყვნენ. მაშველები ცდილობენ შეძლებისდაგვარად მოახდინონ იმ ლოკაციების შესწავლა, სადაც შემოდის შეტყობინებები, რომ შეიძლება იყვნენ დაკარგული მოქალაქეები. ასე რომ სამუშაოები არ ჩერდება.
სტიქიის შედეგები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის დიდი ნაწილი, სანსეტ შოვის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოცულია. მიდის შესწავლა საიდან იწყება ეს სტიქია და გარკვეული პრევენციების ჩატარება რომ გამეორებას არ ჰქონდეს ადგილი. [რისკების] გამორიცხვა არ შეიძლება, ამიტომ გეოლოგების ჯგუფი მუშაობს, ხვალ დილიდან კიდევ გააგრძელებენ შესაბამის შესწავლას და გამორიცხვით, ამ ეტაპზე, ვერაფერს გამოვრიცხავთ, სულ რაღაც 6-7 საათია გასული სტიქიიდან და ყველა მხრივ მიმდინარეობს ყველა საკითხის შესწავლა.”
მისი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 152 ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი და მათ ნაწილთან იმყოფებიან პოლიციის ქვედანაყოფები და სამაშველო სამსახურები. მათი დაახლოებით ნახევარი მოზარდია.
“ატანილია პირველადი მოხმარებისათვის საჭირო ყველა საშუალება, რომ დილამდე ადგილზე მოხდეს მათი დაყოვნება და როგორც კი ფრენის საშუალება იქნება, გამოვიყვანთ ვერტმფრენის მეშვეობით ქალაქ ონში. შეტყობინებების საფუძველზე ვიცით, რომ დაახლოებით 50 მოქალაქეს ვერ უკავშირდებიან ახლობლები და ჩვენც ჩართული ვართ მათ მოძიებაში. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს. ამოქმედდა ცხელი ხაზიც”– განაცხადა მერაბ გამყრელიძემ.
- თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
კომენტარები