შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების ზონაში მუშაობდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს”, – წერია განცხადებაში
უწყება არ აკონკრეტებს, რა სახით იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს მაიორი შოვში, მონაწილეობდა, თუ არა, სამაშველო ღონისძიებებში, რამდენ საათიანი გრაფიკით მოუწია ბოლო პერიოდში მუშაობა და ჰქონდა, თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები.
კომენტარები