ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი:
შოვის ტრაგედია ბევრ კითხვას ბადებს და მეც ამ კითხვის ნიშნებში ვარ აბლანდული რამდენიმე დღეა.
ტრაგედიის წინა დღეებში, ჩვენს მიერ გადაღებულ შოვის ფოტოებშიც ჩანს კოტეჯებთან ჩამომავალი მდინარის ნაპირი, რომელიც ხის ნარჩენებითაა სავსე. ვფიქრობ, ვიღაც აქ ხეებს ჭრიდა, იქვე ასუფთავებდა და ნარჩენებს მდინარესთან ყრიდა. ტრაგედიის ვიდეოებშიც ნათლად ჩანს, მთიდან მოგლეჯილი მეწყერი როგორი ბზრიალ-ტრიალით მოაქანებს ხეებს, ხის ნარჩენებს და ანგრევს ყველაფერს, რაც კი წინ ხვდება.
ტრაგედიის ერთ-ერთი წინა ღამე უწერაში, საოჯახო სასტუმროში გავატარეთ და ცხადია, დავინტერესდი იქაურთა ცხოვრებით. მომიყვნენ, რომ ზამთარი მკაცრია, გაზი არ აქვთ და საშეშედ ხეების მოჭრისა და ნარჩენების ტყიდან გამოიტანის საშუალებას მოსახლეობას არ აძლევენ. ამიტომ ხალხი სოფელს ზამთარში ტოვებს და ბარში იზამთრებს. თუ ასეა, ვინ ჭრის ხეებს და ვინ აბინძურებს მდინარის ნაპირებს ხის ნარჩენებით? მდინარის ორივე ნაპირზე იმდენი ხის ნარჩენი იყო, უამრავ ადამიანს გამოაზამთრებდა. რატომ არ აძლევენ ადგილობრივებს ნარჩენების გამოყენების უფლებას? ბოლოს და ბოლოს, გარემოს მაინც ხომ გაასუფთავებენ? ვინ იცის, ტრაგედიის დროს რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ლავას გამოყოლილმა ხის ნარჩენებმა? კი მაგრამ, ონის მუნიციპალიტეტს პატრონი არ ჰყავს, ნარჩენები მაინც რომ გააკონტროლოს? ხეების მოჭრასა და მთებში მიმდინარე პროცესებს რომ ვერ უწევს მონიტორინგს და ვერ აკონტროლებს, ეგ უკვე გავიგეთ…
ბოლო დღეებში კალაძის ოჯახის მიერ, რამდენიმე საათით ადრე შოვის სასტუმროს დატოვებაზე იყო დიდი კამათი. ვერაფრით დავიჯერებ, რომ მან იცოდა რაც უნდა მომხდარიყო და მხოლოდ საკუთარი ოჯახი გაარიდა, სხვები კი დასაღუპად გაწირა. ამის მტკიცება დიდი სისულელე და ცოდვაა- ამიტომ ამაზე არც მიფიქრია. მაგრამ საიდან მოდის ასეთი ეჭვები? საქართველოს ისტორიიდან ბატონო, გამოცდილებიდან, ნანახიდან და გაგონილიდან… როცა ბევრი უგულობა, ,,პოდლობა” და ვაიპოლიტიკოსის ქმედება საკუთარი თვალით გინახავს, გასაკვირი აღარაა, რომ მერე ეჭვის ჭია თავს არ განებებდეს და კითხვის ნიშნებით გევსებოდეს თავი. მით უფრო თუ ისიც იცი, რომ სტიქიებს, ომებს, კატაკლიზმებს, აქციებს, მიტინგებსა თუ მსგავს მოვლენებს, რიგითი ხალხი ეწირება და ლიდერებს, პოლიტიკოსებს, მეთაურებს, ხშირად მშრალად უწევთ სიტუაციიდან გამოძრომა.
მოკლედ, 2007 წლის 7 ნოემბერია და მე და ჩემი ჟურნალისტი დაქალი, ირინე მჭედლიძე რუსთაველზე, მოვლენების ეპიცენტრში ვართ, კონსერვატორიასთან სოდით ხელში დავრბივართ და ხან რომელ გონებადაკარგულს ვაბრუნებთ და ხანაც რომელს. მერე რიყეზე მივდივართ, სადაც ხალხი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გროვდებიან და მიტინგიც იწყება… მაშინ გაზეთ ,,ალიაში” ვმუშაობდი. რედაქციიდან დამირეკეს, რადგან მნიშვნელოვანი აღარაფერი ხდება, წამოდი და რაც ნახე, ის დაწერეო. მეორე დღის გაზეთს ვამზადებდით და ვჩქარობდით. რედაქციის მანქანა მოვძებნე და მე და ილომ ფოტოგრაფ დათოს, ჩვენს ტეტეს დავუწყეთ ლოდინი. უცებ ვხედავ, ერთ-ერთი პოლიტიკოსი ( იმდენჯერ დავწერე ეს ამბავი, ხან გაზეთში და ხანაც ინტერნეტმედიაში, ამჯერად ვინაობას აღარ დავასახელებ) აჩქარებული ნაბიჯით თავისი მანქანისკენ გარბის. ჟურნალისტური ინტუაციით მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა და დიქტოფონით გამოვეკიდე, სად მიდიხართ, რა ხდება მეთქი? მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკოსს კარგად ვიცნობდი, ხელი მკრა, სიტყვის უთქმელად მანქანაში ჩახტა და დიდი სისწრაფით გაიქცა. გაოცებული წავედი ჩვენი ავტომანქანისკენ, რომელიც ბარათაშვილის ხიდის ქვეშ იდგა. 2 წუთში ხიდზე ხმაური გავიგონეთ და სირბილით მომავალი როგოკოპებიც გამოჩნდნენ… დღემდე ვცდილობ იმის დაჯერებას, რომ უბრალოდ დაემთხვა მისი გაქცევა და ამ პოლიტიკოსმა არაფერი იცოდა რა ელოდა იქ მყოფ ხალხს.
ახლა ნუ შემომესევით, არავის არაფერს ვაბრალებ, ღმერთმა დამიფაროს. ტალახიანი ღორის პრინციპია თქო, იმას ვამბობ- ერთი რომ გაისვრება და მერე ყველას ატალახიანებს. ჰო, რა ვიცი, ამდენი კითხვის ნიშნები მაინც რა ამბავია ხოლმე?!
კომენტარები