ანი დვალიშვილი
სანამ ექსპერტიზა რაჭაში დატრიალებულ ტრაგედაზე იმუშავებს, მანამდე მტკიცებით ფორმაში ვიტყვით, რომ იგივე ელოდება სვანეთს. რატომ? იმიტომ, რომ იქაც ზუსტად იგივე ხდება, რაც ხდებოდა შოვში და ახლავე აგიხსნით, რას ვგულისხმობთ. რიკოთით დავიწყოთ…
როცა რიკოთზე ახალი გზის გაჭრა დაიწყეს, არაერთმა სპეციალისტმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა. არ შეიძლება, მთას ყველივით ჩამოაჭრა ერთი მხარე, მერე მავთულებით გადაურაო, ცემენტის თხელი ფენა გადაუსვა და ხელები დაიბანო. დროთა განმავლობაში, ცალ მხარეს ჩამოჭრილი მთა მოძრაობას დაიწყებს, რათა ზემოდან მოწოლილი მასისგან გათავისუფლდეს და ის მასა იმ გზაზე ჩამოიტანოს, რომელსაც მშენებლები აკეთებენ. რიკოთის მაგალითი უნდა ყოფილიყო სერიოზული და მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რაღაც ისე არ ხდება, რომ ბუნებასთან თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი, დამარცხებისთვის ხარ განწირული. დღემდე რიკოთის პრობლემა ღიაა და ის, რაც ახლა ხდება რიკოთზე, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს პროექტი განწირულია და იქ მუდმივად იქნება მეწყერის ჩამოწოლისა და ტრაგედიის დატრიალების შანსი.
რაც შეეხება შოვს. ადამიანები, ვინც იქ წლების წინ ისვენებდა და ახლაც იყვნენ, ამბობენ, რომ რამდენიმე ჰექტარზე ტყე არის გაჩეხილი და ხეები მოჭრილია როგორც მთაში, ისე სწორ, ვაკე ადგილას. ხეები მარტო ბუნების სილამაზე არ არის, მათი ფესვები ამაგრებს მთაზე მიწის მასას და როცა ეს სიმაგრე გამოეცალა, მიწა დაიძრა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა:
„მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექებმა, დინამიკაში მოიყვანა ხეობიაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები, ასევე ადგილი ჰქონდა სანაპიროების გარეცხვას ე.წ. სანაპირო მერწყული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში. აღსანიშნავია, რომ ბუბისწყალი არ ხასიათდება ღვარცოფული მოვლენებით, მასშტაბური ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია, თუმცა სტიქიის დროს მოხდა ხუთი პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი…“
გარემოს ეროვნული სააგენტო ხმას არ იღებს ხეების მოჭრაზე. მოდით, ჰკითხეთ რიგით ადამიანებს, ვისაც ბოლო დროს ფიცარი დასჭირდა, სად იყიდეს, რამდენ ხანს იდგნენ რიგში და რას ეუბნებოდნენ მწარმოებლები? ხომ არ ამბობდნენ მწარმოებლები, რომ ყველაფერი ჩინეთსა და ირანში გადის? რომ მათ უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში სურთ ხე-ტყის გატანა, რომ მიაქვთ ყველაფერი, ნარჩენი მასალაც კი, რადგან ხის მერქნის სერიოზული პრობლემა შეიქმნება მსოფლიოში სწორედ 5-6 წელიწადში? ვინ გასცა ტყეების განადგურების ლიცენზია? ვინ მოაწერა ამ ნებართვებს ხელი და რაც მთავარია, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? რატომ არავინ ამბობს ხმამაღლა, რომ რაჭის ტყეების პარალელურად, იჩეხება ტყეები ქვემო და ზემო სვანეთში? რომ ამ პროცესების უკან მოქმედი დეპუტატები დგანან და სწორედ მათ ანგარიშზე ირიცხება მილიონობით ლარი ყოველკვირეულად… ჰო, მილიონობით ლარი, რადგან დღეში დაახლოებით 500-700 კუბომეტრი ფიცარი გადის საქართველოდან და პროცესი არც ზამთარში ჩერდება. მეტიც, უგზოობამ ზამთარში შეშის ჭრას ხელი რომ არ შეუშალოს, ირანელებმა სპეცტექნიკა შეიძინეს და იმით ეზიდებიან.
სწორედ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართავთ – ადით ზემო და ქვემო სვანეთში, რაჭაში, შემოიარეთ ტყეები, ნახეთ, რამდენი სახერხი მუშაობს ოფიციალურად თუ არაოფიციალურად და შემდეგ, თქვენი წარმომადგენელი შეეცადოს 2-3 კუბამეტრი ფიცრის ყიდვას. ვერ იშოვის, არ მიჰყიდიან, რადგან თვეებით ადრე აქვთ უცხოელებს ფული გადახდილი და მუშაობა 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ჰო, 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ შეკვეთა მოასწრონ და მაინც ვერ ასწრებენ. რაჭაში, ზემო და ქვემო სვანეთში, გადაპარსულია მთები, ის მთები, სადაც ადრე ფიჭვების, ნაძვების და წიფელას გაუვალი ტყე იყო. ყურმოკვრით მაინც თუ გაგიგიათ ის, რომ ამ სამ მხარეში, მოსახლეობამ რამდენჯერმე იერიში მიიტანა ტყის მჭრელებზე, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან მათ ოფიციალურად აქვთ ტყის განადგურების უფლება და რაც მთავარია, მათ მხარეს დადგა პოლიცია, აქაოდა, ამ ხალხს ლიცენზია აქვს და სოფლები ტყუილად აპროტესტებენო. ის მაინც თუ გაგიგიათ, ვიღაცები რომ ვერ გააჩერეს, საზღვარგარეთიდან ე.წ. „კანონიერმა ქურდებმა“ დაიწყეს რეკვა და მუქარა. ადით, მოიკითხეთ სოფლებში და აუცილებლად ნახავთ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს დაადასტურებენ.
ნამოხვანჰესის მშენებლობას რომ აპროტესტებდა მოსახლეობა, მაშინ ეს ხალხი ლამის მოღალატეებად გამოაცხადეს, ქვეყანას რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია დააკარგვინესო, მაგრამ იმ ადგილამდე, სადაც ჰესი უნდა აშენებულიყო, ისეთი გზა უნდა გაეყვანათ, რომელიც მთების ჩამოჭრას ითვალისწინებდა და მოხდებოდა ზუსტად იგივე, რაც ახლა რიკოთზე ხდება. ნიშნის მოგებით არ ვამბობთ, მაგრამ რიკოთზეც აუცილებლად ჩამოიშლება მიწის მასა ისე, რომ ვიღაცას მოიყოლებს, სვანეთშიც აუცილებლად მოხდება იგივე და თუ დღესვე (ხვალ შეიძლება გვიან იყოს), არ მოხდება ხეების ჭრის შეჩერება, მორიგ ტრაგედიას ვერ გადავურჩებით.
ამ ტრაგედიამ არსებულ პრობლემებთან ერთად დაგვანახა, როგორი ამაზრზენია ქართული პოლიტიკა დღეს. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაა თუ ოპოზიცია, ორივემ ურთიერთბრალდებების ნიაღვარი მიუშვა და ეს მაშინ, როცა რიგითი ადამიანები ელემენტარულ დახმარებას ითხოვენ. არ შეიძლება ტრაგედიაზე კი არა, ბავშვების სიკვდილზე ქულების დაწერა და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა. ბავშვების სიკვდილმა მაინც უნდა გააერთიანოს პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ არა, არ გამოდის ამ საქმიდან არაფერი და რამდენიც არ უნდა უძახოს ევროკავშირმა, პოლარიზაციის დასასრულისკენ წადითო, ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ არანაირი პოლარიზაციის დასასრული არასდროს არ იქნება. როცა ამ მასშტაბის ტრაგედია არ აერთიანებს თუნდაც ერთი კვირით ან ერთი დღით, გამორიცხულია პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილმა გააერთიანოს.
მწარე სიმართელა ისიც, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიებს მალე ვივიწყებთ და ამის ნათელი მაგალითი, თბილისში 2015 წლის 13 ივნისს განვითარებული მოვლენებია. მაშინაც ბევრი ადამიანი დაიღუპა და აგერ, 10 წელიც არ არის გასული და ის საშინელი ღამე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ახსოვთ უმწარესად, დანარჩენებს კი… სოციალური ქსელი თუ შეგვახსენებს ამ დღის არსებობას და ასეა, ამგვარი ტრაგედიების დროს, გარდაცვლილი ადამიანები ქვეყანას 1-2 კვირით უკვდებიან, ოჯახის წევრებს კი სამუდამოდ, რადგან მერე უბრალოდ, ვივიწყებთ და მორიგ ტრაგედიამდე აღარც გვახსოვს…
(ფოტო ინტერნეტიდან, „თაიმერის“ ექსკლუზური კადრი)
კომენტარები