პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე, “კვირის პალიტრასთან” ამბობს:
“დიდი ტრაგედია დატრიალდა, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. სტიქიური უბედურების მასშტაბი იმხელაა, ბუნებრივია ამან საზოგადოებაში დიდი და მძიმე რეზონანსი გამოიწვია. დიახ, ყველას გვაქვს კითხვები და საჭიროა გაეცეს პასუხი. სამწუხაროდ, მომხდარს უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენცია მაინც მოხერხდეს მომხდარის გაანალიზებითა და სწორი დასკვნების გამოტანით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ დატრიალდა. გვახსოვს 2014 წელს დევდორაკის ხეობაში გლაციალურ-ღვარცოფული მოვლენა, რა დროსაც მყინვარწვერის კალთას დიდი მოცულობის ყინული მოსწყდა და ჩაიხერგა მდინარე დევდორაკ-ამალის ხეობაში, დაიღუპნენ ადამიანები; 2015 წელს დიდი მსხვერპლი მოჰყვა ვერეს ხეობაში სტიქიას და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, მთელი გაზაფხულის განმავლობაში გვესმოდა რიკოთზე არსებული პრობლემების თაობაზე… მოკლედ, ჩვენი საზოგადოების მთავარი წუხილი და ინტერესი ის არის, თუ რა გველის ხვალ-ზეგ, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი ტრაგედიები, მთავარი კითხვაც – შეიძლებოდა თუ არა შოვში სტიქიისას ამხელა მსხვერპლის თავიდან აცილება, სწორედ საზოგადოების ხვალინდელი დღის შიშისგან მომდინარეობს. კითხვას, მომავალში როგორ უნდა შევძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პასუხს ვერავინ გასცემს, თუ არ იქნა შესწავლილი მომხდარი ტრაგედიები, თუ არ გავარკვიეთ, ზუსტად რა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, არ მესმის, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა რატომ არის პრობლემა?
ვინ აშენებს და ვინ უწევს ზედამხედველობას ამ ახალ პროექტებს ისედაც რთული რელიეფის ქვეყანაში?.. რა ელის რიკოთზე მიმდინარე მშენებლობას, რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები? ამ ყველაფერზე საზოგადოებას სჭირდება პასუხები და ჩვენც ამ პასუხების მოთხოვნით არ უნდა დავიღალოთ. ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტიკური გარჩევის თემა ხდება, მაგრამ ეს არის ჩვენი სამწუხარო რეალობა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად იქცევიან. რა გამართლება აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ არ სურს კომისიის შექმნა. რატომ არ უნდა, ეს ხომ იმავე წუთში აჩენს კითხვებს, რომ რაღაც ისე ვერ არის, რომ რაღაც აშინებს ხელისუფლებას. სხვა შემთხვევაში რა პრობლემა უნდა იყოს კომისიის შექმნა, ვერ გამიგია. ოპოზიცია პოლიტიკურად ბევრად უკეთესად გამოიყენებს იმას, რომ ხელისუფლება უარს ამბობს კომისიის შექმნაზე, ვიდრე უშუალოდ კომისიაში მუშაობას.
ხელისუფლებასთან არის მთავარი კითხვა, რატომ არ შეიქმნა მონიტორინგის სისტემები, მით უფრო, თუ დაპირებაც გაცემული იყო, მაგრამ მე “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” მაქვს კითხვა – მათ რა გააკეთეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ? მაგალითად, ყველას გვახსოვს რიკოთის ტრაგედია, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. გვიპასუხონ, ამის მერე რა გააკეთეს უსაფრთხოებისთვის? ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ ეს ისეთი თემაა, რომელიც ფართო სპექტრით ითხოვს გააზრებას და გაანალიზებას. როცა ვლაპარაკობთ უსაფრთხოების სისტემებზე, არავის არაფერი გაუკეთებია, მათ შორის არც “ნაციონალურ მოძრაობას”, ბოლოს და ბოლოს, სწორედ მაგათი ხელისუფლების დროს გაუქმდა გეოლოგიური სამსახური, თუმცა ეს “ქართულ ოცნებას” სულაც არ ამართლებს,
არ ვიცი, გახარიას ჯგუფი უჭერს თუ არა კომისიის შექმნას მხარს, მესმის, რომ შეიძლება გახარიასთანაც იყოს კითხვები, მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა დაისვას კითხვები და პასუხიც გაეცეს. აბსოლუტურად ვეთანხმები “ლელოს” განცხადებას რიკოთის უღელტეხილზე. არ ვიცით, იქ რა მოხდება ხვალ-ზეგ. ისევ რიონში ახალაშენებული ხიდის ჩანგრევა უნდა გავიხსენო. ხომ ფაქტია, რომ აშენდა არასწორად, არაპროფესიონალურად. რატომ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა გავიაზროთ. თუ ადამიანს ეს პრობლემები მართლა აწუხებს და ამ უბედურებაში პოლიტიკურ სარგებელს არ ეძებს, მაშინ შეუძლებელია ის კომისიის შექმნას ეწინააღმდეგებოდეს. კომისიის მუშაობაში უნდა მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები. ჩვენ გვჭირდება პასუხები ამ საქმის პროფესიონალებისგან, რასაც უნდა მოჰყვეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსშიც, იქნება ეს დაუდევრობა გულგრილობის მუხლი თუ ფულის კეთების მიზნით გარკვეულ საკითხებზე თვალის დახუჭვა. მიმაჩნია, რომ ამგვარ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ უნდა ჰქონდეთ. მე არა ვარ სპეციალისტი, მაგრამ ძალიან მეეჭვება სხვაგვარად ამ პრობლემებს რაიმე ეშველოს.
რიკოთი ისეთი საკითხია, როდესაც, უკაცრავად პასუხია და, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელთა ფარატინა განცხადებებს ნამდვილად ვერ ვენდობით. მათი დაჟინებული მტკიცება, პირადად მე უფრო მეტ ეჭვს მიღვივებს. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მოსახლეობის უმრავლესობას ტრაგედიები ახსოვს, მათ შორის ამ გაზაფხულზე რიკოთზე შექმნილი პრობლემები და ითხოვს საფუძვლიანი ექსპერტიზის ჩატარებას. მეც მივაქციე ყურადღება, როგორ გამოლაგდნენ მინისტრები და გვიმტკიცებდნენ რაღაცას, არ გვჯერა, ბატონო, თქვენი, ისევე როგორც არ გვჯერა ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც ამ განცხადებებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო აკეთებენ და არა იმიტომ, უსაფრთხოებაზე რეალურად შესტკივათ გული. ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება”
კომენტარები