ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.
– „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატები და ამ პარტიიდან წამოსული ხალხი, 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას, პარტიის შექნას და არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ ყოფილი დეპუტატებიდან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი სახელდება. შესაძლოა, მათ სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგეს.რა შანსი ექნებათ არჩევნებში, თუ გაერთიანდებიან?
– ვფიქრობ, ამ გაერთიანების იდეა 5%–იანი ბარიერის გამო გაჩნდა. კოალიციები და ბლოკები აკრძალულია, პატარა პარტიები ვერ გადალახვენ ბარიერს და არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, უფრო მეტ ამგვარ გაერთიანებას ვნახავთ. ბარიერი იძულებითი ფაქტორია პოლიტიკური ძალებისთვის, იძულებულნი არიან, გაერთიანდნენ სხვა და სხვა პარტიები ერთ პარტიად და საკუთარ იდენტობაზე უარი თქვან, ასე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობაზე. ხელისუფლებამ აიძულა, ის გაეკეთებინათ პოლიტიკოსებს, რაც მათ ნებას ეწინააღმდეგება. ბლოკებისა და კოალიციების აკრძალვა არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია და მიკვირს, პოლიტიკური პარტიებიდან ერთს რატომ არ შაექვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და რატომ არ მოითხოვენ ამ დაკანონებული უკანონობის გაუქმებას. კი, საკონსტიტუციოში შეიძლება ვერ მოიგონ ეს საქმე, მაგრამ მერე სტრასბურგის სასამართლოში შეუძლიათ გასაჩივრება და იქ მოიგებენ, რადგან ეს გარდა პოლიტიკური საკითხისა, ასევე არის ადამიანის უფლებების დარღვევა. ოპოზიციის ეს უმოქმედობა, გაკვირვების გარდა, ჩემში გაურკვევლობასაც იწვევს, ვერ ამიხსნია, რატომ ეგუებიან ამ ანტიკონსტიუციურ გადაწყვეტილებას. ქართველ ხალხს ასეთი აკრძალვა არ დაუწესებია, ეს დააწესა ერთმა პარტიამ საკუთარი ინტერესების შესატყვისად, არჩევნებისთვის ოპოზიციური ძალების დასასუსტებლად, რათა ვერ გაერთიანდნენ და სოლიდურ მოწინააღმდეგე ძალად არ იქცნენ ოპოზიციისთვის. ეს ირაკლი კობახიძის სურვილია და აქციეს რეალობად, კობახიძის სურვილები კი არ არის ქართველი ხალხი ნება. ოპოზიციას, იმის ნაცვლად, რომ გაერთიანებულიყვნენ, სამართლებრივი გზით ებრძოლა ანტიკოსტიტუციური ნორმის გასაუქმებლად, თან დიდი ხმაური აეტეხათ და მთელი მსოფლიოსთვის გეგებინათ, რა უკანონობაზე წავიდა ხელისუფლება, გაჩუმდნენ. ახლა კი 5%–იანი ბარიერის გადალახვისთვის იბრძვიან. ვფიქრობ, ეს გაერთიანებაც, რომელიც შესაძლოა „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატებისგან შეიქმნას, 5%–ან ბარიერს გადალახავენ, მეტს პროცენტს ვერ აიღებენ. რასაც ვუყურებ, ეს 5% არის დაახლოებით 100 000, 120 000 ხმა. 120 ათასს იმიტომ ვამბობ, რომ არჩევნებზე მისული ადამიანების რაოდენობა მერყეობს და ვითვალისწინებ გაბათილებული ბიულეტინების რაოდენობასაც. ოპოზიციაში 1–2 პარტიის გარდა ჯერ ვერ ვხედავ სხვა პარტიებს, რომლებიც უფრო მეტ ხმას აიღებენ. რის პოლიტიკოსი ხარ, თუ 5%–იანი ბარიერის გადალახვის გარდა, სხვა ამბიცია არ გაქვს? იმათზეც ვამბობ, „ქართული ოცნებიდან“ წამოსულებზე. მერე, რომ წამოვიდნენ, რატომ წამოვიდნენ, შიგნით რატომ არ იბრძოლეს? კაცო, შენ „ქართულ ოცნებაში“ როდესაც იყავი, მაშინ რატომ არ უთხრი ხალხს, რაც ხდებოდა ხელისუფლებაში? ხალხს რატომ არ უთხარი, რომ მათ „ქართული ოცნება“ ატყუებდა, ყველაფერი იყო ფარსი და წინასაარჩევნო დაპირებებიც ტყუილი იყო? ამ პოლიტიკოსებიდან ზოგი ამას 2016 წელს მიხვდა, ზოგი უფრო გვიან. არადა, შიგნით, პარტიაში, ხელისუფლებაში იყვნენ. ამ დროს, ხალხის ნაწილი, ექსპერტები, ოპოზიცია ამას მათზე უფრო ადრე მიხვდნენ გარედან, ხელისუფლების ქმედებიდან და მისი წიაღიდან გამოსული ინფორმაციებით. სხვამ გარედან დაინახა რაც იყო „ქართული ოცნება“ და იმათ შიგნიდან ვერ დაინახეს? მერე, როდის დაინახეს, რომ „ქართული ოცნება“ არ ვარგოდა? როდესაც იქიდან წამოვიდნენ. უკვე წამოსულებმა დაიწყეს „ოცნების“ კრიტიკა. ჰოდა, ახლა რატომ არ უნდა ვიფიქრო, რომ კომფორტი მოაკლდათ, დაფასება მოაკლდათ და ახლა იმ კომფორტის დასაბრუნებლად და პრესტიჟისთვის იბრძვიან? აი, დეპუტატების სავარძლებში როცა ისხდნენ, მაშინ რომ ამოეღოთ ხმა, მაგას სხვა ფასი ექნებოდა. ამაში დიდი განსხვავებაა. კი, იქ ისეთი ხალხიც არის, ვინც კონფორმისტი არ არის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე არ ცეკვავდნენ, მონურად არ ემორჩილებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებს, განსხვავებული პოზიციების გამო შეექმნათ პრობლემები და ზოგი გარიცხეს კიდეც პარტიიდან. ეს დასაფასებელია, მაგრამ არც მათ უომიათ ხალხის ინტერესებისთვის.
–ბლოკები და კოალიციები კი აიკრძალა, მაგრამ ხომ შეიძლება ოპოზიცია, მსხვილი პარტიები გაერთიანდეს, შექმნან ერთი პარტია, იმ პარტიაში იმავე კვოტითა და თანმიმდევრობით შევიდნენ პარტიების ლიდერები, როგორც ეს საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში მოხდებოდა და ამ გზით მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა?
– არ უნდათ მაგის გაკეთება, რაღაც ნარცისიზმი შეეყარა ყველას. ეგ კარგი და ერთადერთი გზაა ოპოზიციის გასაერთიანებლად, თან კანონს გვერდს აუვლიან, არ დაარღვევენ და ისე გაერთიანდებიან, მაგრამ ჯერ არ შვრებიან. ერთიანი ძალა ყოველთვის რომ მომგებიანია, ეს ყველამ იცის. თუმცა, თავისი თავი ასეთ გაერთიანებაში ვერ წარმოუდგენიათ. იმისი ეშინიათ, რომ იდენტობას დაკარგავენ. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომანტია, დიდი წინააღმდეგობა. “კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ“ გვეუბნება, რომ უნდა ჩატარდეს პარტიის ყრილობა, ყრილობამ უნდა აირჩიოს პარტიის ხემლძღვანელი ორგანოები და პარტიის თავმჯდომარე. ბოლოს ისევ ერთ ლიდერამდე მივდივართ, თუნდაც დროებით ლიდერამდე. ვინ უნდა იყოს ახალი პარტიის თავმჯდომარე, ვინ უნდა იყოს პირველი? აი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ამბიციებისა კარგად მოგეხსენებათ და ყველა თუ არა, ბევრი არ დაუთმობს სხვას დროებით პარტიის თავმჯდომარეობას, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობას. ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამ“, მაგათ შესწავლილი აქვთ ქართველების ხასიათი და როდესაც ბლოკები და კოალიციები აკრძალეს, ესეც გაითვალისწინეს – იცოდნენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერები საკუთარ ამბიციებს ვერ დათმობდნენ და ვერ გაერთიანებოდნენ. ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ არა მგონია.
კომენტარები