წალენჯიხის მერი სკოლის მოსწავლეებისთვის კვების დაფინანსებას ითხოვს. გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას მეორეკლასელთა კვების თანხის მოთხოვნით აპრილში მიმართა, რაზეც პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
“ჩვენ შევძელით პირველკლასელთა გარანტირებული კვებით უზრუნველყოფა. მაგრამ წალენჯიხის ბიუჯეტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ უკვე ეს შეჩვეული ბავშვები ამ კვებას, მეორე კლასში, მესამე კლასში, და ასე შემდეგ, გაუგრძელდეთ მათ ეს პროგრამა. ამიტომ, აპრილის თვეში ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, გამოეყო 208 000 ლარი, რათა უკვე მეორე კლასელების კვებით უზრუნველყოფა მოხდეს”, – ამბობს მერი, გია ხარჩილავა.
წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა თებერვლიდან დაიწყო. პროგრამით მუნიციპალიტეტის 53 სკოლის 300-მდე პირველ კლასელი უზრუნველყოფილი იყო უფასო საკვებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს.
UNICEF აღნიშნავს, რომ სასკოლო პერიოდში კვება არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) ყოველდღიურად იღებს სკოლაში საკვებს, ხოლო 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში.
კომენტარები