ანი დვალიშვილი
გამოვიგლოვეთ! ჰო, შოვის ტრაგედია გამოვიგლოვეთ და ისევ ერთმანეთის ჭამაზე გადავედით. არა, არც ტრაგედიის დღეებში დაგვიკლია რამე და ერთმანეთს არ ვინდობდით, მაგრამ ცოტა გლოვის დღემ შეგვაფერხა, ცოტა აგვისტოს ომის გახსენებამ, ახლა კი ბოლომდე ავიშვით. ვერ გაგვაერთიანა ათეულობით ჩვენი თანამოქალაქის სიკვდილმა, ბავშვების გარდაცვალებამ ვერ ითამაშა თეთრი მანდილის როლი და ერთმა მხარემ მეორეს მკვლელები ეძახა, მეორემ – წარსული გაუხსენა, თქვენზე მეტი ვის ჰყავს დახოცილიო და ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის იყო, რომ არცერთი მხარე არ უარყოფდა, მკვლელი არ ვარო, უბრალოდ, ერთი მხარე მეორეს უმტკიცებდა, შენ უფრო მეტი გყავს დახოცილიო. რეალურად, ის, რაც ხდება, ერის ტრაგედიაა, თქვენი, ჩვენი, თითოეული ჩვენგანის და ვაი, რომ დღეს ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს. რომელ გამოსავალზეა საუბარი, როცა 2024 წლის არჩევნებია კარს მომდგარი და ხელისუფლება ნებისმიერ ფასად აპირებს ძალაუფლების შენარჩუნებას და ოპოზიცია, ასევე ნებისმიერ ფასად აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას. როცა ვამბობთ, ნებისმიერ ფასად, სწორედ ამას ვგულისხმობთ – რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე, მშვიდად გაივლის გვამებზე და არც გაწითლდება.
თუ გახსოვთ, ზამთარში საუბარი იყო ახალი ძალის შექმნასა და მის მოსვლაზე ხელისუფლებაში. ამბობდნენ, რომ ახალ ძალას დასავლეთი დააფინანსებდა, გაუსვრელ ხალხს შეყრიდა ერთად და არჩევნებში გამარჯვებაშიც დაეხმარებოდა. არ გამართლდა მოარული ხმები, თუ ვინმე უნდა გამოჩენილიყო, აქამდე მოხდებოდა, რადგან პოლიტიკურად ერთი წელი ძალიან ცოტაა და მოსახლეობამდე, ამომრჩევლამდე მისასვლელად არ კმარა. თანაც, დასავლეთში (ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთში) შექმნილ ძალას, შემქმნელების მიმართ ვალდებულება ექნებოდა და ეს ცუდია. ალბათ, მაშინ გვეშველება, როცა ლიდერი ხალხის მასაში, რიგით ადამიანებს შორის მომწიფდება, მაგრამ ვაი, რომ არც ასეთი ჩანს – გაუმაძღარი ხელისუფლებების გადამკიდე, გამათხოვრებული, გათითოკაცებული ერი, ეჭვით უყურებს ყველას და ნამდვილად არ სცალია იმისთვის, ეროვნულ ფასეულობებზე იზრუნოს. მთავარი საზრუნავი ოჯახი და მისი კუჭია, რომელსაც ყოველ დღე სჭირდება ამოვსება და ეს ამოვსება დღითი-დღე სულ უფრო რთული ხდება. ისე გამოვიდა, რომ დასავლეთმა კვლავ „ქართლი ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეატოვა ერთმანეთს და რამდენიც არ უნდა ამტკიცონ სხვა პარტიებმა, ჩვენც აქ ვართო, ხმების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ორ სუბიექტს შორის განაწილდება.
რომ არა შოვის ტრაგედია, პოლიტიკურად მკვდარი სეზონი, ბოლომდე აყროლდებოდა და გაიხრწნებოდა. პოლიტიკოსები დასვენებას არ იკლებენ და ჟურნალისტები მათ კურორტ-კურორტ დასდევენ კომენტარისთვის. იმაშიც დარწმუნებული იყავით, რომ საშემოდგომო სესიაზე, დეპუტატები ერთმანეთს ნამზეურს დაატოლებენ და კარგა ხანს მარტო ის ექნებათ სადარდებელი, ვინ უფრო ფეშენ კურორტზე ისვენებდა. საკმარისია ბატონმა ინებოს და პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვიტოს, რომ ნებისმიერი დეპუტატი მანდატს დატოვებს და სამუშაოდ სხვაგან წავა, იქ, სადაც „სამშობლოს უფრო მეტად სჭირდება“, რეალურად კი, სულ სხვა გათვლები და დათვლებია. რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ეს ყველაფერი, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შევარდნაძის დროინდელი დეპუტატების იყო მაშინ ყველაფერი, შემდეგ სააკაშვილის მაღალჩინოსნებმა აჯობეს ფულის შოვნაში, ახლა კი „ოცნების“ ლიდერებმა დაისაკუთრეს ყველაფერი. ზვიად გამსახურდიას მაღალჩნოსნებს არ დასცალდათ, თორემ ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, არც ისინი დააკლებდნენ ხელს. და ხალხი? ხალხი ყოველთვის უკანა პლანზე იყო, ახლაც ასეა და თუ ასე გაგრძელდა, მომავალშიც ასე იქნება.
სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში კი არ დაბრუნდა, თავიდან ბოლომდე ჩაეფლო და ის იქნება მთავარი, ვისზეც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ფსონს დადებს. ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან სწორედ სააკაშვილის თავისუფლებისთვის უნდა მივიდეს და ეს ფაქტორი აუცილებლად იმუშავებს. ნაცმოს აქტივის უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მიშას გარეშე, ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. ეს იციან „ოცნების“ ლიდერებმაც და გარდა იმისა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, სააკაშვილი ციხიდან ვადაზე ადრე რომ არ გამოვიდეს, იმასაც შეეცდებიან, მაქსიმალურად შეუზღუდონ ამომრჩეველთან ურთიერთობა და მისი საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინონ.
„ოცნების“ ლიდერები ცხელ ზაფხულს გადასარევად ისვენებენ და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არაფერს იკლებენ. მათ ზუსტად იციან, რომ წინ უმძიმესი შემოდგომა და უფრო მძიმე ზამთარი ელოდებათ, რადგან შემოდგომიდან ოპოზიცია პედალირებას კანდიდატის სტატუსზე დაიწყებს, ზამთარში კი პასუხი იქნება. შემოდგომაზე აუცილებლად გამოიკვეთება კონტურები, რამდენად უნდა ველოდოთ სტატუსს, მაგრამ პოლარიზაციის დასრულება რომ არ მოხდება, ცხადია და უდიდესი ალბათობით, ევროპა სტატუსზე უარს გვეტყვის. ჰოდა, სწორედ შემოდგომიდან შეაგუებს ხელისუფლება მოსახლეობას ამ აზრს, რათა ზამთარში წამოსული უარი ადვილად გადაატანინოს, ოპოზიცია კი პირიქით, შეეცდება ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს და ქუჩაში იმაზე მეტი ხალხი გამოიყვანოს, ვიდრე მარტის აქციების დროს გამოვიდა.
ამ ყველაფრის ფონზე, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეროვნული ვალუტა ერთ ადგილს ათამაშებს და ათამაშებს ყოველდღიურად. არ არის ნორმალური, როცა ლარი ერთი თეთრით (მეტითაც) უფასურდება და მერე მყარდება. კონკრეტული ადამიანები და ბანკები, ამ ყველაფრით ძალიან, ძალიან დიდ ფულს შოულობენ, მაგრამ ლარის თამაში, როგორც ინვესტორებისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის და ბიზნესისთვის, არასტაბილურობის შეგრძნებას იწვევს და ეს სამომავლოდ ძალიან ცუდია. როცა ვამბობთ სამომავლოდ, არ ვგულისხმობთ შორეულ მომავალს, უკვე მომავალ თვეში, ამ პროცესმა შესაძლოა ლარი 10-15 თეთრით გააუფასუროს და ეს გაუფასურება არამარტო ეკონომიკას დაარტყამს.
პოლიტიკოსებს არც იმისთვის სცალიათ, რომ ამ სეზონზე საქართველოში საზამთროს შემოტანამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია და ეს ყველაფერი სასაცილო აღარ არის. საქართველო ვეღარ აწარმოებს იმ ოდენობის საზამთროს და ნესვს, ადგილობრივი ბაზარი რომ დააკმაყოფილოს (შარშან აწარმოებდა), ვეღარ აწარმოებს იმ ოდენობის ხახვს, რომ გვეყოს და ყველაზე სერიოზულად, შუა ზაფხულში, მწვანილის დეფიციტი დგას და ისიც უცხოეთიდან შემოგვაქვს. პანდემიის დროს, სოფლებს ბევრმა მიაშურა, ბევრმა დაამუშავა წლობით დაუმუშავებელი მიწა და სწორედ პანდემიის დროს, მწვანილის, კარტოფილისა და ხახვის შემოტანა რეკორდულად შემცირდა, მაგრამ ისე ჩანს, მოსახლეობას მიწის დამუშავება დიდად არ მოეწონა და როგორც კი შანსი მიეცა, მამა-პააპისეული სახლ-კარი ისევ გამოკეტა და მოსავლის მოყვანაზე ხელი აიღო. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყოველწლიურად იწონებს თავს ახალი პროექტებით, გვიმტკიცებენ, რომ ეს დარგი არნახულ სიმაღლეებზე აჰყავთ, მაგრამ მწარე რეალობა ის გახლავთ, რომ ყოველწლიურად, საქართველო სულ უფრო ნაკლებ სოფლის მეურნეობის პროდუქტს აწარმოებს არადა, მთელი მსოფლიო სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების გაზრდისკენ არის მიმართული, რადგან გლობალური დათბობის შიშით, სასურსათო მარაგის შექმნას ყველა ეშურვის, ყველა, ჩვენს გარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს დაასუბსიდირებს, აქაოდა, გლეხებს შეღავათი რომ მივცეთო და გაირკვა, რომ სუბსიდირების ჩათვლით, ქარხნები ვაშლს 24 თეთრად იბარებენ და ბაზარზე ვაშლი 2 ლარზე ნაკლები არ ღირს. ანუ, ტონა ვაშლს ქარხნები 240 ლარად ყიდულობენ, საიდანაც 100 ლარს სახელმწიფო იხდის და მართლა აბსურდის თეატრს ჰგავს ეს ყველაფერი. 24 თეთრად კი არა, 50 თეთრად გამოიტანეთ ბაზარზე და მოსახლეობა იყიდის სტანდარტულსაც და არასტანდარტულსაც, სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე.
და ერთიც – „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია მიმდინარე წლის 23 მარტს (ანუ ოთხი თვის წინ) დაარსებულმა კომპანიამ რომ იყიდა და მისი მფლობელი ყოფილი პარლამენტარი, მარიკა ვერულაშვილია, არა უშავს? ვერულაშვილი მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად ითვლებოდა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, საჭიროების შემთხვევაში, მიშას გვერდით მთელი თავისი რესურსით დადგეს.
კომენტარები