ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს 600 საწოლი და შეუძლია, რომ ყველა პაციენტს ჰქონდეს ინდივიდუალური მომსახურება სამედიცინო პერსონალის მხრიდან. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, პაციენტების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში არის გეგმა იმისთვისაც, რომ მობილიზდეს 10 ათასი საწოლი და მსუბუქ პაციენტებს ბინაზე უმკურნალონ.
„დღეს არსებული 11 კლინიკის ფონდი არის 600 საწოლი – ერთ ამდენს კიდევ გავუძლებთ გაფართოების გარეშე. ამის შემდეგ არის გეგმა, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2000-მდე საწოლის მობილიზებას, ექსტრემალურ მდგომარეობაში კი გვპირდებიან 10 ათას საწოლს. არ ვიცი, 10 ათასის მობილიზება როგორ მოხდება, მაგრამ 2 000-მდე როგორ მობილიზდება, ნათელია ჩემთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამინისტროს კომპეტენციაა.
უპრობლემოდ გაძლება ნიშნავს, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური მოვლის ქვეშ – ჩვენთან 8 საათში ყველაფერი უკეთდება, როცა აშშ-ში კვირები სჭირდება. ექვსასი საწოლის ზემოთ ასეთი რესურსი არ იქნება საკმარისი. თუ გაიზრდება ამაზე მეტად პაციენტების რაოდენობა, გადავალთ დასავლურ მოდელზე – შეიძლება ბინაზე მკურნალობაც დადგეს მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებთან, თუ იქნება მასიური ზრდა და იქნება ასეულობით ზრდა”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში.
ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს აპრილის ბოლოს ელოდებიან, შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც კლება დაიწყება.
„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში – ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
კომენტარები