საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის საგარეო ვექტორზეც ვიმსჯელოთ ხმამაღლა და გულწრფელად. ამდენი წელია, საქართველო მთელი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ უნდა ნატოს წევრი გახდეს და ნატოს ბაზები დამკვიდრდნენ საქართველოში. ჩემის აზრით, ამან მხოლოდ უბედურება მოუტანა საქართველოს. იმან, რაც დამცველად გვეჩვენებოდა ქვეყნისთვის, გამოიწვია ჩვენი მეზობლის ისეთი გამწარება, რომ მან ყველა მეთოდის გამოყენებით მოახერხა ჩვენთან ომის გაჩაღება, ჩამოგგვლიჯა ტერიტორიის 20% და საკუთარი სამხედრო ბაზებით აავსო ეს კუთხეები.
ის, რომ ნატოსთან საჭიროა უმჭიდროესი კავშირი, ის რომ საქართველომ უნდა მიიღოს ნატოს უმეტეს ანტიტერორისტულ ქმედებაში თავისი ადექვატური მონაწილეობა – ამაზე ორი აზრი არ არის.
მაქსიმალურად მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა ნატოსთან – არის საწინდარი ჩვენი უსაფრთხოების, მაგრამ, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევა დარიგებანი, რომ ჩვენ რუსეთთან უნდა ”დავალაგოთ ურთიერთობა,“ რომ არაფერი მოვიმოქმედოთ და ვთქვათ ისეთი, რაც ხელს შეუშლის რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას, რომ მხოლოდ მშვიდობიანი და პოლიტიკური მეთოდებით არის შესაძლებელი ამ კონფლიქტის მოგვარება!
სრულიად გამორიცხულია რუსეთთან რაიმე სახის წარმატებული მოლაპარაკებები, ვიდრე ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნატოს ბაზები გვინდა შემოვიყვანოთ ჩვენს ტერიტორიაზე.
ამიტომ, მოდით შევხედოთ სიმართლეს თვალებში და ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე ვაღიაროთ, რომ თავს ვიტყუებდით ამდენ ხანს! ჩვენს ნატოელ მეგობრებსაც უნდა ესმოდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე კარგად ესმით, რომ ასეთი პოლიტიკა მუდმივი წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ამიტომ, ჩვენ უნდა დავანებოთ ამ ურთიერთგამომრიცხავ რიტორიკას თავი და ჩვენ დასავლეთელ მეგობრებთან და ჩვენს მეზობელთან ერთობლივად გადავწყვიტოთ, თუ რა მოთხოვნები გვაქვს ისეთი, რომელიც შეიძლება ურთიერთ პატივისცემით და ურთიერთ ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ და ბოლო-ბოლო დავამთავროთ ეს გაუთავებელი უბედურება და კონფრონტაცია, რომლის ფონზე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება სრულიად შეუძლებელია!”
კომენტარები