რადიო თავისუფლება, ლაშა ბუღაძის ბლოგს აქვეყნებს:
თუკი იცი ეს ენა, რეფლექსი ამ ენაზე გაგაცემინებს პასუხს… თანდაყოლილი ზრდილობის, დაბნეულობის თუ იქნებ სიზარმაცის გამოც
საქართველოში ხარ… მოდის ადამიანი – ქალი თუ კაცი – და რუსულად გეკითხება (გეგონება, საქართველოში რუსული ენა იყოს ქართული ან მშობლიური):
– ა ვი ნე პოდსკაჟეწე…
რუსულად!
და შენც ემზადები საპასუხოდ… რუსულადვე, რადგან (შესაძლოა) საბჭოთა კავშირში დაიბადე და სკოლაშიც რუსულს გასწავლიდნენ – როგორც არა უცხო ენას, არამედ მთავარ ენას, უფროსი ძმის ენას… უცხო ენები ცალკე იყო, რუსული ცალკე, წარწერებიც რუსულად იყო ქუჩებში (რუსულ-ქართულადაც, მაგრამ მხოლოდ ქართულად – არასდროს) და საერთოდაც რუსულით იყო სავსე ყველაფერი…
ჰოდა, იცი ეს ენა, კარგად იცი, გესმის და თან კულტურის ინსტინქტიც დახმარებისკენ გიბიძგებს (ადამიანი მისთვის საჭირო ქუჩას ვერ პოულობს) და შეგიძლია მყისვე, ძალისხმევის გარეშე დაუბრუნო პასუხი… რუსულ ენაზევე, ცხადია:
– და… ვოტ…
მაგრამ არა, არ შეიძლება! უსამართლოა!
საკუთარ თავზე სხვაგვარი ძალისხმევაა საჭირო… უცებ უნდა გაბრაზდე – არა მაინც და მაინც შეკითხვის დამსმელზე, არამედ შეკითხვის დამსმელის ისტორიულ უტიფრობაზე, რომ ყოფილ-კოლონია საქართველოში რატომღაც ყველა რუსულად უნდა ლაპარაკობდეს…
და აი, ვიდრე უპასუხებ, წამებში უნდა მობილიზდე, თავს ძალა დაატანო და ავტომატურად გაიხსენო – შენთვის, უთქმელად:
– რუსებმა ქართულად ლაპარაკი აკრძალეს მე-19 საუკუნეში…(საქართველოს დაპყრობის მერე).
– რუსებმა დიმიტრი ყიფიანი მოკლეს, რადგან მან გაბედა და ქართულად ლაპარაკის ამკრძალავი რუსი რექტორის მკვლელობის გამო მთელი ერის მაწყევარ ეგზარქოს პავლე ლებედევს მოსთხოვა პასუხი…
– რუსებმა აკრძალეს ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა ქართულ ტაძრებში (ფრესკების შეთეთრება-გადაღებვის პარალელურად).
– რუსები იჭერდნენ, გადასახლებაში უშვებდნენ ან საერთოდაც ფიზიკურად ანადგურებდნენ ადამიანებს, ვინც ბედავდა და ქართული ენის უფლებების დაცვას ცდილობდა…
– რუსებმა საქართველოს სრული რუსიფიკაცია სცადეს…
– საბჭოთა იდეოლოგმა სუსლოვმა რუსული ენის სახელმწიფო ენად ქცევა განიზრახა საბჭოთა საქართველოში (ქართული ინტელიგენციის, რუსულში ჩამლბარი ნაწილის ტაშისკვრის ფონზე)… ბრეჟნევის ახალი კონსტიტუციით 1978 წელს ქართულს სახელმწიფო ენის სტატუსი ერთმეოდა… (და რუსულ პრივილეგიებსა და კონფორმიზმში ჩამლბარი ქართველი მწერლების ნაწილი ამას ტაშს უკრავდა).
– ვერავინ მოახერხებდა პროფესიულ რეალიზებას, რუსულად რომ არ დაეწერა ნაშრომი, დისერტაცია, წიგნი და ა. შ. ქართული მეორეხარისხოვან ენად უნდა შთენილიყო და ასეც იყო ჯერ რუსეთის, მერე კი წითელ იმპერიაში…
– რუსეთმა ქართული ენის პროვინციალიზაცია სცადა…
– გალსა და ახალგორში რუსები ქართულ ენას კრძალავენ და ცდილობენ, ქართული ენა წაართვან ქართველ ბავშვებს…
– ენასთან ბრძოლით რუსები ქართულ რაობას (იდენტობას) ებრძოდნენ და დღემდე ამას შვრებიან…
ეს მხოლოდ ენაზე… და კიდევ რამდენი მაგალითია, რა დაუშავა და რას უშავებს დღესაც რუსეთი საქართველოს…
ჰოდა, როცა გვკითხავენ რუსულად, – ა ვი ნე პოდსკაჟეწე – არც მეტი, არც ნაკლები, სუსლოვი გაიხსენეთ ქართული ენის მკვლელი-რუსული კონსტიტუციით, ქართველი ერის მწყევლელი რუსი მთავარეპისკოპოსი ლებედევი, ქართველთმოძულე ჩეკისტი პუტინი და გალელი ბავშვები, რომელთაც ქართულად სწავლას (და აზროვნებას) უკრძალავენ, და ზრდილობიანად, მაგრამ მტკიცედ უპასუხეთ:
ილაპარაკეთ ქართულად!
ან – ასე, საერთაშორისო ენაზე:
I don’t speak Russian.
კომენტარები