ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო ოზურგეთელებო, რა თქმა უნდა ყველას გვინდა ჩვენი ქალაქი იყოს მაქსიმალურად ლამაზი, ჯანსაღი და თანამედროვე. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქალაქის განახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მომზადდა და ხორციელდება, მათ შორის, თეატრთან მდებარე ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროექტი. ეს არის ადგილი, რომელიც არაერთ საინტერესო, საზეიმო ღონისძიებას და ფესტივალს უმასპინძლებს.
სამწუხაროდ, სამუშაოების დასრულებამდე, ერთი დეტალი – კერძოდ საყვავილეების ჯერ კიდევ დაუსრულებელი იერსახე, გახდა აქტიური განხილვის თუ კრიტიკის საგანი. ჩვენი სურვილია ნებისმიერი პროექტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას ემსახურება, იყოს ცალსახად დადებითი ემოციების მომტანი. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად ვთვლით, ქალაქის განახლების და რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებამდე წინმსწრებად შეგატყობინოთ, რომ საბოლოო იერსახეს ეს მოედანი შემოდგომაზე მიიღებს, როცა მისი ყველა კომპონენტი, მათ შორის საყვავილეები, საუკეთესო ფორმით გაკეთდება, გამწვანდება და შეიღებება.
გურულების მდიდარი ფანტაზია, სხარტი იუმორი და ენამოსწრებულობა მარადიულია, როგორც მარადიულია ჩვენი ოზურგეთი, სადაც თითოეული მოქალაქის კომფორტზე და დასვენებაზე ზრუნვა ჩვენი საპატიო ვალდებულებაა.”
კუბოს ფორმის საყვავილეები ოზურგეთში რამდენიმე თვის წინ დადგეს, რასაც საზოგადოებაში და ადგილობრივ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა
კომენტარები