დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო, თუმცა საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ისე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ზუსტად ორ კვირაში ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპზე გადავა, რა დროსაც აღდგება მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად. ასევე კომპიუტერებისა და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების მუშაობა.
პრემიერმა ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოიხსნის 6-ეტაპიანი პროგრამა რამდენიმე დღის წინ წარადგინა, ეტაპებს შორის შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება. მთავრობა განმარტავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე გადაიხედოს ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა.
კომენტარები