ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტს ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა და ის სამი ძირითადი მესიჯი შეაფასა, რაზეც თბილისში გამართული შეხვედრებისას ისაუბრა.
“ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. ჩემი იქ ყოფნის დროს ყველა თანამოსაუბრის თხოვნა იყო, საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების,” – წერს ჯოზეფ ბორელი.
“გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის – საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. თუმცა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმში.
მსურდა სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის.
პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებზე უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამას. ჩემი იქ ყოფნის დროს ყველა თანამოსაუბრის თხოვნა იყო, საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების.
ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში. საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათზე მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი განახორციელა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმს და ადამიანის უფლებებს.
საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისათვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი.
ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის. გაფართოების პროცესი ყოველთვის მიჰყვება მკაფიო კრიტერიუმებს. ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს შრომას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი. მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს აქვს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად.
ჩემი მეორე მესიჯი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე ამ კუთხით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლით პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის.
თუმცა, ისიც უნდა მეთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციის მანიპულირებისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია.
ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მიისწრაფვიან გახდნენ ევროკავშირის წევრები. ეს ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ უკვე 2014 წელს აიღო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
ჩემი მესამე მესიჯი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს აქტიური ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი და ჩვენი თავდადებული სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც იმყოფებოდა ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში. მისია პატრულირებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სეპარატისტულ რეგიონებთან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ის ყოველდღიურად თამაშობს მნიშვნელოვან როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებით და ზოგადად, შესაბამის ადგილებში ყოფნით.
ევროკავშირის მისიასთან ერთად სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოვინახულე. მე, რა თქმა უნდა, უკვე განვიხილე საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა მენახა ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა. მათ მიამბეს ყოველდღიური გაჭირვებისა და პრობლემების შესახებ.
ჩვენ ასევე დავამყარეთ მზარდი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს სამხედრო მისიებში მთელს მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ეხმარება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით. დღეისათვის ჩვენ გამოვყავით 62 მილიონი ევრო არალეტალური აღჭურვილობისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისების დროს სწრაფი რეაგირებისთვის. პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა საქართველოში და მეტი დახმარება გზაშია.
დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა,” – წერს ჯოზეფ ბორელი.
„რუსთავი2“
კომენტარები