ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. მანამდე უცხოური მედია წერდა, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველ-რუსი ოლიგარქი”.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო. ცნობისთვის, ფარცხალაძე ცნობილი გერმანიაში ბოტასების ქურდობის სკანდალით გახდა.
“ФСБ-მ გამოიყენა ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოხდენისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სადაც განახლებულ სანქციებზე წერს.
გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან ოთარ ფარცხალაძის შესახებ:
…სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს ქართველ-რუს ოლიგარქსა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, რათა შემდგომში მოხდეს გამკლავება რუსეთის ფედერაციის მავნე გავლენებთან საზღვარგარეთ.
ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე 1(a)(i) პუნქტის შესაბამისად არის სანქცირებული რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის. ფარცხალაძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ოლიგარქია.
ალეკსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკო (ონიშჩენკო) 1(a)(iii)(A) პუნქტის შესაბამისად სანქცირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ლიდერი, თანამდებობის პირი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი.
FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრებოდა რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოხდენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.
პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი ორგანიზაცია სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელთა 50 პროცენტი ფარცხალაძეს ეკუთვნის, – წერს სახდეპი.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები